თენგიზ ცერცვაძე: საქართველოში არ იქნება 100-ზე მეტი შემთხვევა დღეში ამას ვამბობ ძალიან დიდი დარწმუნებით

მარნეულში კორონავირუსის პირველი შემთხვევის შემდეგ, თუ არ ვცდები, გავიდა 10-12 დღე მაინც და საქართველოში ფიქსირდება მატება, მაგრამ არც ერთ დღეს არ ყოფილა 20 ახალ შემთხვევაზე მეტი, ეს შიდა გადაცემის, ანუ ინფექციის გავრცელების ამ სტადიისთვის არის ძალიან ცოტა, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სხვა ქვეყნების სტატისტიკის მიხედვით, დღეში ინფიცირების 500 და მეტი შემთხვევა ფიქსირდება.

„იმ ქვეყნებში, სადაც დაიწყო ეპიდემიის შიდა გავრცელება, ამას მოყვა ეპიდემიის ძალიან სწრაფი ზრდა – ასეულები, ათასეულები, ათეულ ათასეულები. ჩვენთან, რაც მარნეულის შემთხვევის შემდეგ დაიწყო შიდა გადაცემა, კიდევ დაახლოებით 4-5 შემთხვევა დაფიქსირდა შიდა გადაცემის, მხედველობაში მაქვს, როცა ავადმყოფი ვერ ასახელებს კონტაქტს, არ იცის, ვისგან დაავადდა, ამას ჰქვია შიდა გადაცემა და იქ არის ვარაუდები ისეთიც კი, რომ ვიღაცას შეიძლება ფულით გადაეცა, ან ვიღაცას სამსახურში, ან ქუჩაში სიარულის დროს. საქართველოში მარნეულის შემთხვევის შემდეგ, თუ არ ვცდები, გავიდა 10-12 დღე მაინც და ფიქსირდება მატება, მაგრამ არც ერთ დღეს არ ყოფილა 20 ახალ შემთხვევაზე მეტი. ეს შიდა გადაცემის, ანუ ინფექციის გავრცელების სტადიისთვის არის ძალიან ცოტა. ეს იგივეა რაც წინა სტადიაზე ერთი, ორი, სამი შემთხვევა, რადგან ყველა სხვა ქვეყანაში, გადახედეთ სტატისტიკას, დღეში ფიქსირდება 500 შემთხვევა და ზევით. ჩვენთან ორ ათეულ შემთხვევას არ გადასცდენია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა აღბიშნა, მისი პროგნოზით, საქართველოში დღეში 100 ახალ შემთხვევაზე მეტი არ იქნება.

„ჩემი პროგნოზია, ვერ შევინარჩუნებთ ამ სიტუაციას ბოლომდე, დღეს თუ ორი ათეულია, შეიძლება იქნეს სამი ათეული, შეიძლება იქნეს ოთხი ათეული, მაგრამ ჩემი მტკიცე პროგნოზია, რომ საქართველოში არ იქნება 100-ზე მეტი შემთხვევა დღეში. ამას ვამბობ ძალიან დიდი დარწმუნებით. ახლა პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ, მაგრამ დიდი დარწმუნებით, ინფექციის გავრცელების დინამიკა მაჩვენებს ამას. რატომ? მარნეულში დაფიქსირდა უკონტროლო გავრცელება, შიდა შემთხვევა, მაგრამ იმდენად ჩქარა იქნა ლოკალიზებული და აღკვეთილი, რომ მან ვერ მოასწრო ეს შიდა გავრცელება და სულ ორი, სამი ათეული შემთხვევა წამოვიყვანეთ მარნეულიდან და ბოლნისიდან, ვერ მოასწრო გავრცელება, იგივე სამეგრელოში, იგივე სხვაგან. ანუ ამ შიდა გავრცელების ლოკალიზება და ლიკვიდაცია ხდება მანამ, სანამ ის მოასწრებს ჭეშმარიტ შიდა გავრცელებას. საქართველოში დაფიქსირდება ორი ათეული, სამი ათეული, ოთხი ათეული, ხუთი ათეული შემთხვევა, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც ხდება მსოფლიოში. საქართველოში ჩემი ვარაუდით შემთხვევათა ჯამური რაოდენობა, არ გადააჭარბებს 1000-ს ან იქნება 1000-ისა და 2000-ის ფარგლებში. მაშინ, როდესაც სხვაგან, ჩვენზე პატარა სახელმწიფოებში, ეს არის 20 ათასზე, 30 ათასზე მეტი და ზოგან 100 ათასსა და 200 ათასზე მეტი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

banner
წინა სტატიაშიდასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე პოლიციის თანამშრომელი დააკავეს
შემდეგი სტატიათენგიზ ცერცვაძე არ გამორიცხავს, რომ მომავალში კორონავირუსმა სეზონური ინფექციის სახე მიიღოს