თენგიზ ცერცვაძე: ნებისმიერ პირს, რომელსაც დაავადების სიმპტომი ან რისკის ქცევა აქვს, შეუძლია მიმართოს 112-ს

პაციენტთა ნაკადების ასეთი მოძრაობის სქემა მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არაა და ჯერჯერობით ეს ძალიან ეფექტურად მოქმედებს. ვფიქრობ, ძირითადად ამის დამსახურებაა ის, რომ საქართველოში ინფიცირებულთა ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია და გარდაცვლილთა ერთ-ერთი ყველაზე მცირე რიცხვი, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„კორონავირუსის მართვის პროტოკოლის თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელსაც დაავადების სიმპტომი ან რისკის ქცევა აქვს, შეუძლია მიმართოს 112-ს. მას გადაამისამართებენ სპეციალურად მომზადებულ ოჯახის ექიმთან. ისინი გამოკითხავენ პაციენტს და, თუ სულ მცირე ეჭვის შემთხვევაშიც კი მას აუცილებლად ცხელების ცენტრში ამისამართებენ. ეს ძალიან საინტერესო რგოლი და ქართული მედიცინის ორიგინალური მიგნებაა. ცხელების ცენტრში პაციენტს ტესტირება უტარდება. არაუგვიანეს 24 საათისა პაციენტს აბსოლუტური სიზუსტით ეძლევა პასუხი კორონავირუსზე. დადებითი პასუხის შემთხვევაში, ის გადაჰყავთ საავადმყოფოში, სადაც 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ თავსდება. პაციენტთა ნაკადების ასეთი მოძრაობის სქემა მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არაა და ჯერჯერობით ეს ძალიან ეფექტურად მოქმედებს. ვფიქრობ, ძირითადად ამის დამსახურებაა ის, რომ საქართველოში ინფიცირებულთა ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია და გარდაცვლილთა ერთ-ერთი ყველაზე მცირე რიცხვი. ევროპის 53 ქვეყნიდან ვართ 49-ე ადგილზე. ჩვენზე კარგი სტატისტიკა აქვთ ლიხტენშტაინს, მონაკოს, ვატიკანსა და მონტენეგროს. ეს არის მთლიანად სახელმწიფო ვერტიკალის და ექიმების დამსახურება“, – განაცხადა ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსი 408 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 95 უკვე გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე: ერთი წუთით მოდუნების უფლება არ გვაქვს
შემდეგი სტატიაპოლიციამ იმერეთში შვილის მიერ მამის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია 1 პირი