თენგიზ ცერცვაძე მიმართვას ავრცელებს

„ბატონმა გიორგი კამკამიძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ტრადიციას არ უღალატა და განაცხადა, რომ COVID-ის მართვის კლინიკურმა ჯგუფმა თავი ვერ გაართვა კორონავირუსის მართვას. ოღონდ ამის ერთი დასაბუთებული არგუმენტიც კი ვერ დაასახელა, რაც ყველაზე უკეთ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში COVID-ის კლინიკური მართვა (და არა მთლიანად პანდემიის მართვა) მართლაც კარგად ხდებოდა.

ბატონი გიორგი უდავოდ ნიჭიერი ადამიანია, შესაძლოა ძალიან ნიჭიერიც, მაგრამ ამ ნიჭის რეალიზაციას ვერ ახერხებს და ამის გადაფარვას ასეთი ხერხით ცდილობს. ბატონო გიორგი, ბოლო 20 წელია (რაც ჩვენგან წახვედით) ცდილობთ დაამტკიცოთ, რომ რაღაცის გაკეთება ჩვენზე უკეთ შეგიძლიათ (აივ/შიდსში, ჰეპატიტებში, COVID-ში და სხვ.), მაგრამ არ გამოგდით და ამას ძალიან განიცდით. მინდა გირჩიოთ – იქნებ სჯობდეს გარკვეული დროით პაუზა აიღოთ და როცა ჩვენ აღარ ვიქნებით, მაშინ გვაჯობოთ.

ახლა სერიოზულად.

რას ვერ გაართვა თავი ბატონო გიორგი კლინიკურმა ჯგუფმა? ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად უმოკლეს დროში შევქმენით COVID-ის კლინიკური მართვისთვის აუცილებელი პოტენციალი და უზრუნველყავით მისი მდგრადობა; COVID პაციენტთა უზარმაზარი ნაკადების ოპტიმალური მართვა და მკურნალობა უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით; ექიმების, საწოლფონდის, სუნთქვის აპარატების, ჟანგბადის და მედიკამენტების მობილიზება; მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გაიდლაინის/პროტოკოლის და გზამკვლევების შექმნა,

პრაქტიკულად ყველა (100-ზე მეტი) COVID კლინიკის და „ონლაინ კლინიკების“ საფუძვლიანი ტრენინგები; სამინისტრომ „ონლაინ კლინიკების“ და ოჯახის ექიმების გადაზღვევისა და მონიტორინგისთვის შექმნა ე.წ. „ცენტრალური ონლაინ კლინიკა“ (300-ზე მეტი სპეციალისტით); COVID სასტუმროები (საქართველოს „know how“) ; ერთ-ერთმა პირველებმა მსოფლიოში დავნერგეთ COVID-ის სამკურნალო უახლესი და ყველაზე ეფექტიანი მედიკამენტები („ტოცილიზუმაბი“, რემდესივირი, მონოკლინური ანტისხეულები, „ბარიციტინიბი“, პაქსლოვიდი და სხვ.) და მკურნალობის ინოვაციური მიდგომები (ჟანგბადის მაღალი ნაკადით მიწოდება – ე.წ. high flow, სისხლის ექსტრაკორპორული გაწმენდა სპეციალური ფილტრების/სორბენტების საშუალებით და სხვ.); ვაქცინაციით დაბალი მოცვის მიუხედავად (ვაქცინაცია დაახლოებით 10-ჯერ ამცირებს სიკვდილიანობას) გვაქვს COVID დადასტურებულ შემთხვევებს შორის სიკვდილიანობის – ე.წ. CFR (case fatality rate) მსოფლიოს 111 ქვეყანაზე (მათ შორის სრულად ვაქცინირებულ ქვეყნებზე) უფრო დაბალი მაჩვენებელი (1,02%) და შესაბამისად COVID პაციენტების გადარჩენის უფრო მაღალი მაჩვენებელი.

საქართველოს კლინიკებში ჰოსპიტალიზებული COVID ავადმყოფების გარდაცვალების საშუალო მაჩვენებელი (6-7%) უფრო დაბალია, ვიდრე ევროპის და ამერიკის განვითარებული ქვეყნების ბევრ კლინიკაში. ბოლო

1 თვის მანძილზე საქართველოში 1 მილიონ მოსახლეზე COVID სიკვდილიანობა ბევრად დაბალია, ვიდრე ამერიკაში, კანადაში, სამხრეთ კორეაში, ჰონკონგში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში და ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში. საქართველოში COVID პაციენტების ბინაზე სიკვდილობა ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში. კიდევ რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა?

ბატონი გიორგი უაპელაციოდ აცხადებს, რომ საქართველოში ზედმეტი ჰოსპიტალიზაცია იყო, რაც ფაქტობრივი ტყუილია. სინამდვილეში საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დაფიქსირებულია 1,655,221 დადასტურებული COVID შემთხვევა და მათგან ჰოსპიტალიზებული იყო 250 ათასი ავადმყოფი (15%), რაც მსოფლიო სტანდარტებით ოქროს შუალედია და რომც ყოფილიყო ზედმეტი ჰოსპიტალიზაცია, ეს რა სიკვდილიანობას გაზრდიდა, თუ პირიქით? რაც შეეხება ჰოსპიტალიზაციის და გაწერის კრიტერიუმებს, ისევე როგორც მთლიანად გაიდლაინს/პროტოკოლს – ისინი ოპტიმალურია და თქვენ ეს კარგად იცით. თავის დროზე მე თქვენ მოგმართეთ დაგესახელებინათ მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნებიდან სამი გაიდლაინი მაინც, რომლებიც ჩვენსაზე უკეთესი იქნებოდა, მაგრამ თქვენ ეს არ ან ვერ გააკეთეთ. ეს წინადადება ძალაში რჩება. მე ასევე გთხოვეთ თქვენ, თუ ჩვენი გაიდლაინი არ მოგწონთ, დაგეწერათ უკეთესი გაიდლაინი და ჩვენ სიამოვნებით ჩავანაცვლებდით ჩვენს გაიდლაინს, მაგრამ არც ეს გააკეთეთ.

ბატონი გიორგი აცხადებს, რომ „ძალიან დიდი ქაოსი იყო პაციენტების ნაკადების მართვაზე“ და ისევ არგუმენტების გარეშე. ბატონო გიორგი, ღმერთის არ გწამთ? სად იყო ქაოსი? გაიხსენეთ, რომ საქართველოზე ბევრად უფრო ძლიერი ჯანდაცვის მქონე ქვეყნებში, ლოს-ანჯელესში, ლონდონში, პარიზში, სტოკჰოლმსა და სხვა დიდ ქალაქებში პიკის პერიოდში არ ჰყოფნიდათ ჰოსპიტალური საწოლები მძიმე ავადმყოფებისათვის, რის გამოც კლინიკებთან სასწრაფო დახმარების მანქანების გრძელი რიგები იდგა და მძიმე COVID ავადმყოფებს უხდებოდათ საშუალოდ 8-12 საათის გატარება სასწრაფო დახმარების მანქანაში, სანამ მათი ჰოსპიტალიზაცია მოხერხდებოდა. ბევრი მათგანი კი საავადმყოფოში საერთოდ ვერ ხვდებოდა და ისე კვდებოდა.

ექიმთან კომუნიკაციას ზოგჯერ დღეები და კვირები სჭირდებოდა. სწორედ ამიტომ არის უცხოეთის ქვეყნებში ჰოსპიტალს გარეთ (ბინებზე და სხვ.) გარდაცვლილი ავადმყოფების რიცხვი გაცილებით, შეუდარებლად უფრო მაღალი, ვიდრე საქართველოში. ზოგიერთ ქვეყნებში სასწრაფო დახმარების ბრიგადებს მიღებული ჰქონდათ მითითება მოეხდინათ ავადმყოფების პრიორიტეტულობა და არ გადაეყვანათ კლინიკაში ე.წ. უიმედო ავადმყოფები?! ასევე არ გადაეყვანათ 65 წელზე მეტი ასაკის ავადმყოფები?! ვინაიდან არ ჰყოფნიდათ საწოლები, აგრეთვე ჟანგბადი მიეცათ მხოლოდ იმ ავადმყოფებისთვის, ვისი ჟანგბადის სატურაცია 90%-ზე დაბალი იყო?! (რადგან ჟანგბადი არ ჰყოფნიდათ).

ამის შემდეგ ამბობთ, რომ საქართველოში იყო ქაოსი? სადაც 2020 წლის ბოლოს 2-3-კვირიანი მონაკვეთის გამოკლებით არცერთი ეს პრობლემა არ ყოფილა. არცერთი COVID ავადმყოფი არ დარჩენილა ექიმის და დროული, სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების გარეშე და თან უმაღლესი სტანდარტებით. არც ერთხელ არავინ არ დაზარალებულა ექიმების, საწოლების, ჟანგბადის, სუნთქვის აპარატების ან მედიკამენტების დეფიციტით. და ეს ყველაფერი შეზღუდული ეკონომიკური შესაძლებლობების და სუსტი ჯანდაცვის პირობებში.

და ბოლოს. მიმაჩნია, რომ ბატონ გიორგის არა აქვს ქვეყანაში COVID-ის კლინიკური მართვის ხარისხის შეფასების მორალური უფლება და აი რატომ:

მას არ ჰყავს გატარებული არცერთი ჰოსპიტალიზებული COVID ავადმყოფი და არ გადაურჩენია არცერთი მათგანი. შესაბამისად, მას არ აქვს მძიმე COVID ავადმყოფების მართვის გამოცდილება და კომპეტენცია.

ბატონი გიორგი მთელი პანდემიის მანძილზე უპირისპირდებოდა კლინიკური ჯგუფის საქმიანობას და გადაწყვეტილებებს და მისი პოზიცია საბოლოოდ ყოველთვის მცდარი გამოდიოდა. ჩვენ რომ ბატონი გიორგისთვის დაგვეჯერებინა, ახლა გარდაცვლილი პაციენტების რიცხვი გაცილებით მეტი იქნებოდა. განსაკუთრებით თვალსაჩინოდ ეს გამოვლინდა რემდესივირთან დაკავშირებით.

ეს მედიკამენტი დღეს მსოფლიოს ყველა ავტორიტეტული ინსტიტუციის მიერ აღიარებულია საუკეთესო და ამასთან უსაფრთხო ანტივირუსულ მედიკამენტად და ფართოდ გამოიყენება მსოფლიოში როგორც ჰოსპიტალიზებული, ისე ამბულატორიული ნებისმიერი ასაკის COVID ავადმყოფების სამკურნალოდ. საქართველოში რემდესივირით ათასობით COVID ავადმყოფი გადავარჩინეთ.

ამ დროს ბატონი გიორგი შესაშური სიჯიუტით მოუწოდებდა და მოუწოდებს კლინიკებს და COVID ავადმყოფებს, არ გამოეყენონ რემდესივირი, როგორც უსარგებლო და საფრთხის შემცველი მედიკამენტი. შედეგად კლინიკების და პაციენტების ნაწილი დღემდე უარს ამბობს რემდესივირის გამოყენებაზე, რითაც სერიოზულად იზრდება პაციენტების დამძიმების და გარდაცვალების რისკები. ეს ან იმიტომ ხდება, რომ ბატონ გიორგის მართლა ასე ჰგონია, ან კიდევ უარესი – რემდესივირის, ისევე როგორც თავის დროზე „ტოცილიზუმაბის“ ფართო გამოყენების ინიციატორები ჩვენ ვიყავით. მას კი „სხვისი აშენებული ქვეყანა არ უნდა“. ამით კი საბოლოოდ პაციენტები ზარალდებიან.

ყველა კომპეტენტურ პირს შეუძლია თავად შეაფასოს, თუ რამდენად კარგად ან ცუდად გაართვა თავი კლინიკურმა ჯგუფმა COVID-ის კლინიკურ მართვას. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ იმ ძალიან მცირერიცხოვან (საბედნიეროდ) მარგინალურ ადამიანებს, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველოში COVID ავადმყოფები და ასე განსაჯეთ – ჯანმრთელი ადამიანებიც კი შეგნებულად ჩახოცეს“, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე თავის მიმართვაში.

banner
წინა სტატიაშიბელოგოროვკას სკოლაზე ავიაიერიშის შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიავოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ „აზოვსტალიდან“ ექიმებისა და დაჭრილების ევაკუაცია იგეგმება