თენგიზ ცერცვაძე: კორონავირუსით ინფიცირებულ სრულიად უსიმპტომო პაციენტთან პრეპარატი პლაქვენილი არ ინიშნება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულ სრულიად უსიმპტომო პაციენტთან პრეპარატი პლაქვენილი არ ინიშნება.

მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება საუბარი, რომ ამირან გამყრელიძის შვილს სიმპტომები არ აღენიშნებოდა, თუმცა პლაქვენილს მაინც იღებდა.

კერძოდ, ცერცვაძის განმარტებით, ნიკოლოზ გამყრელიძეს ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა და პნევმონიის დროს პლაქვენილი ულაპარაკოდ ინიშნება.

„სულ ერთეულმა ადამიანმა დაუჭირა გურულს მხარი, ისიც ცალყბად და ერთ-ერთმა ახსენა ერთი ცნობილი გვარი, რომ, აბა, რატომ იღებდა ეს ბიჭი პლაქვენილსო, თუ უსიმპტომოები არ იღებენო. ალბათ ხვდებით ვიზეც არის საუბარი, ბატონი ამირანის შვილზე. საიდან მოიტანეს რომ უსიმპტომო იყო, ორმხრივი პნევმონია ჰქონდა და დაახლოებით ერთი თვე, 28 დღე იწვა კლინიკაში, რას ჰქვია უსიმპტომო იყო? უსიმპტომო კი არ იყო, სწორედაც უნდა მიეღო პლაქვენილი“ , – განაცხადა ცერცვაძემ.

მან ასევე უპასუხა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტს პლაქვენილით მკურნალობენ და აღნიშნა, რომ შესაძლოა, ექიმმა ასე ჩათვალა საჭიროდ.

თუცმცა, ცერცვაძის თქმით, გამორიცხულია, სრულიად უსიმპტომო პაციენტს ამ პრეპარატს უნიშნავდნენ.

„არ ვიცი რესპუბლიკურში ვინ წევს. შეიძლება, ვიღაც ექიმმა ჩათვალოს, რომ მაინც სჭირდება, ვიღაცამ ჩათვალოს, რომ არ სჭირდება, მაგრამ სრულიად უსიმპტომოს გამორიცხულია, აძლევდნენ. მსუბუქი და საშუალო სიმპტომების დროს შეიძლება, ზოგიერთმა ექიმმა გადაწყვიტოს, რომ, მოდი, მაინც მივცეთ, რათა უფრო სწრაფად გამოჯანმრთელდეს. პლაქვენილი ამსუბუქებს დაავადების მიმდინარეობას და აჩქარებს ვირუსის განდევნას, არაფერი ამაში არ შავდება. რომ ამბობენ, პლაქვენილი საშინელებას უზამს, გადახედეთ რევმატოლოგებს, რევმატოლოგები საშინელ დღეში ჩავარდნენ ჩვენ რომ პლაქვენილის გამოყენება დავიწყეთ, გაქრა მოხმარებიდან პლაქვენილი. თვეობით და წლობით უნიშნავენ პლაქვენილს, ელემენტარული სახსრების ტკივლის გამო უნიშნავენ თვეობით და წლობით, არავის გამოუთქვამს ამაზე რაიმე მოსაზრება. დარწმუნებულივარ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მთლად ტყუილად არ მისცემდნენ მას. სავარაუდოდ, მას რაღაც სიმპტომები ჰქონდა. პლაქვენილს ვაძლევთ, როცა პაციენტს აქვს მწვავე რესპირაციული ინფექციის სიმპტომები, ცხელება 38 და მეტი, ძლიერი ხველა, ძლიერი საერთო სისუტე, გონიერების დაბინდვა და ხველა. რაც მთავარია, რენდგენოლოგური პნევმონია. რენდგენზე თუ გამოჩნდა პნევმონია, იქ ულაპარაკოდ უნდა მივცეთ“ , – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ და დასძინა, რომ ჯერჯერობით პრეპარატის დეფიციტი არ არის.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაპორტუგალიაში, უკრაინასა და ნიდერლანდებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სასურსათო ქსელ „სპარის“ ვაუჩერები გადაეცათ