თენგიზ ცერცვაძე იუბილარია

თენგიზ ცერცვაძე იუბილარია. მას 72 წელი შეუსრულდა.

თენგიზ ცერცვაძემ, 1966 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ზუგდიდის აკაკი წერეთლის სახელობის N1 საშუალო სკოლა, რომლის დირექტორი გახლდათ ბატონი შოთა ხუბულავა. კლასში თავისი სიმაღლის გამო ბოლო მერხზე იჯდა და ყველა საგანი განურჩევლად იცოდა,
განსაკუთრებით მათემატიკა და სხარტი პასუხების გამო ხშირად იღებდა შენიშვნებს. დაამთავრა ზუგდიდის მუსიკალური შვიდწლედი. მამა, კოლია ცერცვაძე, ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში ცნობილი ყელ-ყურის ექიმი გახლდათ და დედა ია კუხალაშვილი “სანეპიდ სადგურში” მუშაობდა. ბიოგრაფიულ ცნობებს დუტა პეტრიდისი ავრცელებს.

 

თენგიზ ცერცვაძე საქართველოში აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელია. ეს სამსახური საერთაშორისო ექსპერტების მიერ მიჩნეულია საუკეთესოდ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და ერთ-ერთ საუკეთესოდ მსოფლიოში. ამ სამსახურის ძალისხმევით საქართველომ შესძლო თავიდან აეცილებინა აივ/შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია, მისგან გამომდინარე უდიდესი ადამიანური მსხვერპლით და სერიოზული ეკონომიკური ზარალით. მკვეთრად გაიზარდა აივ/შიდსით ავადმყოფების გადარჩენის მაჩვენებელი, სიცოცხლის ხანგრძლივობა და ცხოვრების ხარისხი, ხოლო დედიდან ბავშვზე აივ/შიდსის გადაცემის შემთხვევები პრაქტიკულად ნულამდე დავიდა, ანუ განხორციელდა აივ/შიდსის დედიდან ბავშვზე გადაცემის ელიმინაცია.

უდიდესია თენგიზ ცერცვაძის დამსახურება ქართული ჰეპატოლოგიური სკოლის განვითარებაში. მისი თაოსნობით საქართველოში დანერგილია ვირუსული ჰეპატიტების დიაგნოსტიკის და მკურნალობის პრაქტიკულად ყველა თანამედროვე მაღალტექნოლოგიური მეთოდი, რაც საფუძვლად დაედო C ჰეპატიტის ელიმინაციისთვის საქართველოს პირველ სამოდელო ქვეყნად არჩევას.

თენგიზ ცერცვაძე მსოფლიოში უპრეცედენტო და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორია და უდიდესი წვლილი მიუძღვის ამ პროგრამის წარმატებულ განხორციელებაში. პროგრამა ითვალისწინებს 120 ათასზე მეტი C ჰეპატიტით ავადმყოფის გამოვლენას და განკურნებას. სადღეისოდ უკვე განკურნებულია 40 ათასზე მეტი ავადმყოფი. პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ეს იქნება პირველი შემთხვევა მსოფლიო მედიცინის ისტორიაში, როდესაც მოხდება ქრონიკული ინფექციის ელიმინაცია და ისიც არა ვაქცინის, არამედ მედიკამენტების საშუალებით.

თენგიზ ცერცვაძე წარმატებულ საექიმო პრაქტიკასთან ერთად ეწევა უაღრესად საინტერესო სამეცნიერო საქმიანობას. აივ/შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების დარგში მისი ინოვაციური სამეცნიერო კვლევების შედეგები სისტემატურად იბეჭდება მაღალი იმპაქტ ფაქტორის მქონე რეფერირებად საერთაშორისო ჟურნალებში. იგი ერთ-ერთი ყველაზე ციტირებადი ავტორია საქართველოში. მას ხშირად იწვევენ მომხსენებლად მსოფლიოს ყველაზე მაღალი დონის სამეცნიერო ფორუმებზე. თენგიზ ცერცვაძის გუნდის და აშშ-ს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ 1997-2000 წლებში ერთობლივად ჩატარებული კვლევა აღიარებულ იქნა აშშ-ისა და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ერთობლივ პროექტად და თენგიზ ცერცვაძე მოხსენებით წარსდგა ჯერ აშშ-ის ჯანდაცვის ნაციონალურ ინსტიტუტებში (ქ. ბეთესდა), ხოლო შემდეგ – 2000 წლის 3 ნოემბერს აშშ-ის კონგრესში, რაც დღემდე უპრეცედენტო შემთხვევაა.

თენგიზ ცერცვაძე არის რიგი საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებების წევრი და ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტი. იგი არის 20-ზე მეტი ნაციონალური გაიდლაინის ავტორი და რამოდენიმე საერთაშორისო გაიდლაინის თანაავტორი. იგი არაერთი მაღალი დონის საერთაშორისო სიმპოზიუმის და კონფერენციის ორგანიზატორია.

თენგიზ ცერცვაძეს უდიდესი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდა თაობის აღზრდის საქმეში. არის 12 სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი. მისი უშუალო ძალისხმევით უცხოეთის წამყვან ცენტრებში გრძელვადიანი სტაჟირება გაიარა 30-მდე ახალგაზარდა სპეციალისტმა“, – ნათქვამია ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ბატონ თენგიზს ვუსურვებთ წარმატებებს, დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. 

banner
წინა სტატიაში15-16 მარტის ბრძოლები გუმისთასთან ქართველი მეომრების უდიდესი გმირობის მაგალითად დარჩა
შემდეგი სტატიასაჩხერის საკარანტინო სივრციდან 11 მოქალაქე თვითიზოლაციის რეჟიმში გადავიდა