თენგიზ ცერცვაძე : ისევ მაწუხებს თავის, ყელის ტკივილი, ძლიერი ხველა და სისუსტე, მიუხედავად ამისა, ვცდილობ ვიყო მხნედ

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია, ის სახლში მკურნალობას აგრძელებს. როგორც ის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდება, მკურნალობას სტაციონარში გააგრძელებს.

თენგიზ ცერცვაძის ცნობით, მას ყელის ტკივილი, ძლიერი ხველა და სისუსტე ისევ აწუხებს, მისი მეუღლე, ანა თოფურია თავს უკეთ გრძნობს.

„ცოტა მეუხერხულება ჩემს შესახებ ამდენი ვწერო, თუმცა ვინაიდან ინტერესი დიდია და შეუძლებელია ყველა სატელეფონო ზარს ვუპასუხო აქ დავწერ: ჯანმრთელობის მდგომარეობა იგივეა და მკურნალობას სახლში ვაგრძელებ-ღამით ტემპერატურა 37.5 გრადუსი მქონდა. ისევ მაწუხებს თავის და ყელის ტკივილი. ძლიერი ხველა და სისუსტე.

მიუხედავად ამისა, ვცდილობ ვიყო მხნედ და არ ჩამოვრჩე მოვლენებს. მაგალითად: გუშინ დისტანციურად მონაწილეობა მივიღე საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში. „ფეისბუქში“ დავწერე მადლობის წერილი, რომელიც თქვენ გეკუთვნით – ვინც ინტერესდებით ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით.

რაც შეეხება ჩემს მეუღლეს – ანა თოფურია თავს უკეთ გრძნობს. ღამით სხეულის ტემპერატურა 37.1 გრადუსი ჰქონდა. უმნიშვნელოდ აწუხებდა ყელის და სახსრების ტკივილი.

თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა მკურნალობას სტაციონარში გავაგრძელებ. სულ ეს არის და ეს. გაუფრთხილდით თავს და გისურვებთ ჯანმრთელობას“, – ნათქვამია მიმართვაში.

ცნობისთვის, 17 ნოემბერს, ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

banner
წინა სტატიაშიგუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, დანარჩენი ტრანსპორტი ზვავდამცავი გვირაბების გავლით იმოძრავებს
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსით კიდევ 38 პაციენტი გარდაიცვალა