თენგიზ ცერცვაძე: ეკლესიებში წირვის ჩატარებისას ერთადერთი რამ, რაც უსაფრთხოების თვალსაზრისით კითხვას ბადებს, ზიარებაა

ეკლესიებში წირვის ჩატარებისას ერთადერთი რამ, რაც უსაფრთხოების თვალსაზრისით კითხვას ბადებს, ზიარებაა, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძემ „ტვ პირველის“ ეთერში, ვახო სანაიას დღის ამბებში განაცხადა.

„ეს ძალიან სენსიტიური თემაა. ეკლესიას, ასე ვთქვათ, აქვს თავისი კონსტიტუცია, გადატანითი მნიშვნელობით. საუკუნეების მანძილზე დაგროვებული ცოდნის და გამოცდილების საფუძველზე, მან უკეთ იცის რისი გაკეთების უფლება აქვს და არ აქვს, რა არის კარგი ადამიანებისთვის და რა არა, ამიტომ მე ვერ გავცემ ვერანაირი ოფიციალურ რეკომენდაციას რელიგიური რიტუალების მიმართ“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, რელიგიური კონფესიები მიმდინარე მოვლენებს გაგებით ეკიდებიან. კერძოდ, რომში წმინდა პეტრეს მოედანზე, მექასა და მედინაში ლოცვა შეწყდა.

„ვფიქრობ, რომ ჩვენს გაგებას შორის, რა არის ეპიდემიის გავრცელებისთვის სახიფათო და რა არა, დიდი განსხვავება არ არის. უბრალოდ, რაღაც-რაღაცეები ჯერ კიდევ ჩვენთან გრძელდება. მაგალითად, სოციალური დისტანციისკენ მოწოდება იყო და დღეს ხედავდით, რომ ეკლესიაში აშკარად იყო დისტანცია მრევლს შორის. ერთადერთი რაც კითხვის ნიშანს ბადებს, ეს არის ზიარება. მე გამოვთქვი, როგორც ოფიციალური პირის პოზიცია, რომელიც პატივს სცემს რელიგიას და ეკლესიას და ვერანაირად ვერ გასცემს რეკომენდაციებს და მეორე ჩემი პირადი, როგორც ექიმის პოზიცია”, – განაცხადა მან.

banner
წინა სტატიაშინიკოლოზ გამყრელიძე საზოგადოებას მიმართავს
შემდეგი სტატიალევან რატიანი: მართვით სუნთქვაზე მყოფი 62 წლის ქალის მდგომარეობა დასრულდება ძალიან ცუდად