თენგიზ ცერცვაძე – დექსამეტაზონის გამოყენება მიზანშეუწონელია, როცა ციტოკინური შტორმი არ არის გამოხატული

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ეხმაურება არსებულ ინფორმაციას, რომ ერთ-ერთ კვლევაში კორონავირუსთან ბრძოლაში დექსამეტაზონმა კარგი ეფექტი აჩვენა.

„დექსამეტაზონი და სხვა კორტიკოსტეროიდები, პრედნიზოლონი და სხვა, საქართველოში და ყველა ქვეყანაში ფართედ გამოიყენება, ამაში არაფერი ახალი არ არის. უბრალოდ, იმ კონკრეტულმა კვლევამ უჩვენა, რომ მძიმე პაციენტების გარკვეულ პროცენტში იძლეოდა დამაიმედებელ შედეგებს, შეიძლება, ხვალ სხვა კვლევა გამოქვეყნდეს, რომელმაც შეიძლება თქვას, რომ ეს მთლად ასე არ არის, მაგრამ თვითონ კორტიკოსტეროიდები არის ფართედ მოხმარებადი მედიკამენტები და მათ შორის კოვიდის დროსაც გამოიყენებოდა ფართოდ, ოღონდ ამ კორტიკოსტეროიდებს აქვს თავისი ჩვენებები, ისევე როგორც სხვა ყველა დანარჩენ მედიკამენტს“,- განაცხადა ცერცვაძემ.

ცერცვაძის განმარტებით, ოფიციალური პროტოკოლებით და გაიდლაინებით, მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინით, კორტიკოსტეროიდების გამოყენება არ არის რეკომენდირებული კოვიდის ჩვეულებრივი ფორმების დროს, რადგან აღნიშნული მედიკამენტები აქვეითებს ადამიანის იმუნიტეტს და ხელს უწყობს, რომ ვირუსმა გაიხანგრძლივოს თავისი არსებობა ადამიანის ორგანიზმში.

„ამ კუთხით მათი გამოყენება არ არის მიზანშეწონილი და საჭიროა თავის შეკავება, თუ არ არის სპეციალური ჩვენებები. ანუ, როდესაც ვირუსი გამოწვეული ე.წ. ციტოკინური შტორმია, ეს სამედიცინო ტერმინია და ნიშნავს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, ციტოკინების ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით გამოთავისუფლებას, რაც ხდება ვირუსის გავლენით და ეს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები ხელს უწყობენ ძლიერი ანთებითი რეაქციის განვითარებას.

ეს პროცესი დასაწყისში მიმართულია ადამიანის დასაცავად, მაგრამ რაღაც ეტაპზე უკვე დამაზიანებელია, როცა ეს შტორმი იწყება და ზოგჯერ ხდება სიკვდილის მიზეზიც. არის ასეთი შემთხვევები, როცა ვირუსი შეიძლება აღარც იყოს ორგანიზმში, გაქრეს და ამ ვირუსით გამოწვეულმა ციტოკინურმა შტორმმა გამოიწვიოს პაციენტის დამძიმება და შესაძლოა, ლეტალობა“,- განაცხადა ცერცვაძემ და დასძინა, რომ სწორედ ამ „ციტოკინური შტორმის“ შესამცირებლად და შესაკავებლად გამოიყენება დექსამეტაზონი.

„ტაქტიკა არის ასეთი, როცა ციტოკინური შტორმი არ არის გამოხატული, დექსამეტაზონის გამოყენება არ არის სასურველი და მიზანშეწონილი, მაგრამ მძიმე ავადმყოფებში, რომლებიც მოთავსებული არიან რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე, მათი გამოყენება გამოდგა კარგი, მან შეამცირა ლეტალობის მაჩვენებლები“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

banner
წინა სტატიაშითბილისში მკვლელობა მოხდა
შემდეგი სტატიაცოტნე ზურაბიანი-“ნაციონალური მოძრაობის” მიერ “ქართული ოცნების” დისკრედატიციის მორიგი მცდელობა მორიგი კრახით დასრულდა”