თენგიზ ცერცვაძე: 79 ინფიცირებული და არც ერთი გარდაცვლილი საათივით აწყობილი მუშაობდა მთელი ვერტიკალი

79 ინფიცირებული და არც ერთი გარდაცვლილი. ამაზე მეტის, უბრალოდ, არაფრის გაკეთება არ შეიძლებოდა. ეს მდგომარეობა, რაც საქართველოს რუკაზე უჭირავს, იმის შედეგია, რომ საათივით აწყობილი მუშაობდა მთელი ვერტიკალი, რიგითი ექიმიდან და ეპიდემიოლოგიდან დაწყებული, დაავადებათა კონტროლის ცენტრით, ჯანდაცვის სამინისტროთი, კლინიკებით გაგრძელებული და განსაკუთრებით, საქართველოს მთავრობისა და პირადად პრემიერ-მინისტრით დამთავრებული. ყველა საპასუხო ღონისძიება დროულად, ადეკვატურად და ეფექტურად განხორცილდა“- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.

ახლო მომავალში, საქართველოში მოსალოდნელია შემთხვევების მატება და შესაძლოა, მნიშვნელოვანი მატებაც, რამდენადაც ჩვენი ქვეყანა ე.წ. მეოთხეული განვითარების ეტაპზე გადავიდა. ანუ, როდესაც არის შიდა გავრცელება, რაც იმას ნიშნავს, რომ დაინფიცირებული პიროვნება ზუსტად ვერ ასახელებს კონტაქტებს, თუ ვისგან გადაედო დაავადება. ამ სიტუაციაში შემთხვევების მატება გარდაუვალია“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, სამწუხაროდ, ალბათ, ცალკეული ლეტალური შემთხვევებიც იქნება, ვინაიდან ამას პრაქტიკულად, ვერც ერთი ქვეყანა ვერ გადაურჩა, მაგრამ ვერტიკალი, რომელიც ძალიან ორგანიზებულად მოქმედებს, შეძლებს, საქართველოს ეპიდემიის განვითარების ამ ახალ სტადიაზეც ექნას ერთი-ორი საფეხურით უფრო კეთილსაიმედო მდგომარეობა, ვიდრე ევროპის ქვეყნებს აქვთ.

„ვფიქრობ, საქართველო მოახერხებს იმას, რომ თავიდან აიცილოს ეპიდემიის დრამატული განვითარება, თავისი უზარმაზარი უარყოფითი შედეგებით – როგორც ეკონომიკური ზარალით, ისე ადამიანური მსხვერპლით“, – განაცხადა ცერცვაძემ.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინიტროს საპატრულო პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო ორგანიზაცია „ახალი ლიდერების ინიციატივა“ დააჯარიმა
შემდეგი სტატიასოფელ შამგონის ცენტრის მოპირდაპირედ რუსი სამხედროები ახალ საგუშაგოს ხსნიან