“ხელისუფლების უყურადღებობისა და არაკომპეტენტურობის ბრალია, რომ ბავშვები თერჯოლის პირველ საჯარო სკოლაში ვერ სწავლობენ, რეაბილიტაცია ისე ნელა მიმდინარეობს, რომ სკოლა კიდევ ერთ წელს იქნება დარჩენილი უფუნქციოდ და ეს სტაგნაცია 26 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ”, – თემურ ცამციშვილი თერჯოლის სკოლის რეაბილიტაციის პროცესის გაჭიანურებაზე
“ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ იმერეთის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარე თემურ ცამციშვილი თერჯოლის პირველი საჯარო სკოლის რეაბილიტაციის გაჭიანურებას ეხმიანება და ამბობს:
“უკვე მეოთხე წელიწადი იწყება, რაც თერჯოლის პირველი საჯარო სკოლა არ ფუნქციონირებს და აქედან მოსწავლეებს ჩხარის სკოლაში უწევთ სიარული, რომელიც აქედან, დაახლოებით 10 კმ-ითაა დაშორებული.
იმის მიუხედავად, რომ ეს პროექტი მსოფლიო ბანკის მიერ ფინანსდება, ხელისუფლებამ ამ დრომდე ვერ მოახერხა რეაბილიტაციის დასრულება და პროცესი ისეთი ნელი ტემპით მიმდინარეობს, რომ სავარაუდოდ, სკოლა, მინიმუმ, კიდევ ერთი წელი იქნება უფუნქციოდ დარჩენილი. ხელისუფლების უყურადღებობისა და არაკომპეტენტურობის ბრალია, რომ ბავშვები ამ სკოლაში ვერ სწავლობენ.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბერს დავამთავროთ ეს სტაგნაცია ქვეყანაში და დავუბრუნდეთ მსგავსი მშენებლობებისა და პროექტების დასრულების ტემპის ძველ ნიშნულს. მე დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერს თერჯოლელები სწორ არჩევანს გააკეთებენ”, – თქვა “ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ იმერეთის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარემ თემურ ცამციშვილმა.