“თემირლანსაც და ალდამოვსაც ბავშვობაში თემოს ეძახდნენ…ეჭვები მებადებოდა, ხომ არ შეეშალათ” – მაჩალიკაშვილის დედა

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას, სპეცრაზმის მიერ სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის დედა აცხადებს, რომ სპეცოპერაცია მათ სახლში შეცდომით ჩატარდა. მედიკო მარგოშვილის თქმით, მის შვილს თემირლანს და დაკავებულ რუსლან ალდამოვს, ბავშვობაში ერთი და იგივე სახელს ეძახდნენ. მედიკო მარგოშვილის თქმით, სწორედ ამიტომ ვარაუდობს, რომ სამართალდამცველებს არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ:
“ალდამოვს, მე იმ დღიდანვე რაღაცას ვეჭვობდი, ჩემს შვილსაც თემირლანს თემოსაც ეძახდნენ და ამ რუსლანსაც ბავშვობაში, ამ ბოლო დროს არა. თემო ერქვა. მე ეჭვები მებადებოდა, ხომ არ შეეშალათ, ან ის რატომ უნდა მოეკლათ, მოკვლით არავინ არ უნდა მოეკლათ…იმ ღამესვე ვუთხარი თქვენ ან მისამართი შეგეშალათ, ცრუ ინფორმაცია გაქვთ შვილო, ჩვენ მარტო ვჩხრეკავთო. რამდენიც გინდა გაჩხრიკეთ მე წინააღმდეგი არა ვარ…
ამათ ჩემს ოჯახში, ჩემ თვალწინ, ჩემს სახლში გააკეთეს ტერაქტი, ტერაქტი სხვაგან არა ყოფილა, ჩემს სახლში მოხდა ტერაქტი” აცხადებს თემირლან მაჩალიკაშვილის დედა.
განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სპეცრაზმი მაჩალიკაშვილების სახლში შეცდომით შევიდა და 19 წლის ახალგაზრდას შეცდომით ესროლა, რუსლან ალდამოვის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა გუშინ გააკეთა. მისი თქმით, ალდამოვმა მას უთხრა, რომ სპეცრაზმს რეალურად, მისი ლიკვიდაცია უნდოდა.
„მითხრა, რომ აქვს ეჭვი, გამიზნულად, არა გამიზნულად არ ვიცი, მაგრამ იყო დაგეგმილი მისი ლიკვიდაცია და მისი პიროვნება შეეშალათ თემირლან მაჩალიკაშვილის პიროვნებაში…
იხსენებს ერთ მნიშვნელოვან ფრაგმენტს, როდესაც მოხდა მისი დაკავება. შეგახსენებთ, იგი თავისი ნებით ჩაბარდა, დაწვა იატაკზე, ხელი აწია და შემდგომ, როდესაც გაყავდათ ოთახიდან, მოხდა მასზე დაკვირვება არა ერთხელ და ასეთი უცნაური კითხვაც, თუ რა ერქვა მას, თუ შეეძლო განემარტა მისი სახელი და გვარი, რაზეც მისი გაოცება გამოიწვია, რატომ უსვამდნენ ამ კითხვას თუ თქვენ არ იცით ჩემი სახელი და გვარი, შესაბამისად, როგორ მოხვედით ჩემს საცხოვრებელ სახლში და მოახდინეთ ჩემი დაკავება ჩემი მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით,“ – განაცხადა კუბლაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშარაშიძე გამოკითხვაზეა დაბარებული
შემდეგი სტატიასილქნეტი ჯეოსელს ყიდულობს