თელეთთან ავარიის შედეგად დაშავებულები სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს, მათგან 17 სომხეთის, ორი საქართველოს და ერთი აზერბაიჯანის მოქალაქეა

სოფელ თელეთთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 20 ადამიანი თბილისის სხვადასხვა კლინიკაშია გადაყვანილი.

20 პაციენტიდან რვა „ნიუ ჰოსპიტალსში“ იქნა გადაყვანილი, სამი – საპატრიარქოს წმიდა იოაკიმესა და ანას სახელობის საავადმყოფოში, ორი – ინგოროყვას კლინიკაში, ოთხი პაციენტი „პინეოში“ გადაიყვანეს, სამი – გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში.

ამასთან, 17 პაციენტი სომხეთის მოქალაქეა, ორი საქართველოს, ერთი კი – აზერბაიჯანის.

ასევე, ერთმა მგზავრმა დღეს თავად მიმართა მარნეულის კლინიკას გულ-მკერდის არეში ტკივილების ჩივილით. მას შესაბამისი შემოწმება ჩაუტარდა და კლინიკა უკვე დატოვა.

ქვემო ქართლში, სოფელ თელეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა გამთენიისას მოხდა. დაიღუპა ორი ადამიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთმანეთს სამი მიკროავტობუსი და ერთი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მიკროავტობუსი ერევნიდან ბათუმის მიმართულებით გადაადგილდებოდა და გარდაცვლილები სომხეთის მოქალაქეები არიან, ორივე მათგანი ქალია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველომ ბაქოში დაგეგმილ სამხედრო წვრთნაში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს
შემდეგი სტატიამარნეული-თელეთის გზაზე სატვირთო ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადატრიალდა