საქართველოს მთავრობამ საავტომობილო გზების დეპარტამენტს თელავში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო, აღდგენითი და საპროექტო-საზედამხედველო სამუშაოების განხორციელება დაავალა. შესაბამის განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა.
დოკუმენტის თანახმად, თელავსა და მის მიმდებარე სოფლებში სალიკვიდაციო ღონისძიებები რამდენიმე ძირითად ლოკაციას მოიცავს:
ქალაქ თელავში: მდინარე თელავისხევის ნაპირებზე, კავკასიონის ქუჩასა და მის პარალელურ გზებზე (დაახლოებით 1.3 კმ-იან მონაკვეთებზე) ქვაღორღოვანი მასისგან გაწმენდა და გზების აღდგენა;
ახალი ინფრასტრუქტურა: კავკასიონისა და სეხნიაშვილის ქუჩების კვეთაზე დაზიანებული ხიდის სანაცვლოდ ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა;
სოფელ გულგულასთან: ტერიტორიისა და მდინარე თელავისხევის კალაპოტის გაწმენდა კავკასიონის ქუჩიდან მდინარე ალაზნის შესართავამდე, ასევე დაზიანებული დამცავი ჯებირის აღდგენა;
თელავის აეროპორტის მიმდებარედ: ქვაღორღოვანი მასისგან გაწმენდა და არსებული ხევის ფორმირება;
სოფელ ვარდისუბანში: მდინარე მაწანწარის ხევის ფორმირება და ნაპირსამაგრი ნაგებობების აღდგენა;
თელავისხევის სათავეში: ღვარცოფდამჭერი ნაგებობების გაწმენდა, მდინარის კალაპოტში არსებული არხის მიმღები სათავისისა და ბეტონის ჯებირების, ასევე მიმდებარე ადგილობრივი გზების აღდგენა.
სამუშაოები და შესაბამისი საპროექტო მომსახურება საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და შპს „ჯიარჯის“ შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდება.
განკარგულების მიხედვით, დაკისრებული მოვალეობების დაფინანსება უწყებისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში მოხდება. საჭიროების შემთხვევაში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 2026-2027 წლებში დამატებითი ფინანსური რესურსის მოძიებას უზრუნველყოფს.















