ქალაქ თელავში მდებარე კაფე „გიშერის“ ინიციატივით, 22 მარტს, პატრიარქის სულის პატივსაცემად, შეჭირვებულ მოქალაქეებს უფასო საკვებით გაუმასპინძლდებიან. ამის შესახებ ინფორმაცია კაფეს ადმინისტრაციამ გაავრცელა.
მათი ცნობით,თელავში, ნადიკვრის ქუჩის N2-ში მდებარე ობიექტი მსურველებს საკუთარ სივრცეში მიიღებს და თითოეულ საჭიროების მქონე ადამიანს ერთ თბილ კერძს შესთავაზებს. ინიციატივა უკავშირდება ქვეყანაში გამოცხადებულ გლოვის დღეებსა და კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სულის მოხსენიებას.
კაფეს ადმინისტრაციის განცხადებით, მათთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საკვების შეთავაზება, არამედ ადამიანური თანადგომისა და სოლიდარობის გამოხატვაც, რათა მხარდაჭერა იგრძნოს ყველა იმ პირმა, ვისაც დახმარება სჭირდება.
“დღეს, როცა სევდაა ჩვენს გულებში, გვინდა სიკეთით ვუპასუხოთ. კვირას, 22 მარტს, კაფე „გიშერში“ ვუმასპინძლებთ გაჭირვებულ ადამიანებს უფასო საკვებით. თუ ვინმეს სჭირდება ერთი თბილი კერძი და ადამიანური სითბო – ჩვენი კარი ღიაა. თუ იცით ვინმე, ვისაც ეს დახმარება გამოადგება, გთხოვთ გაუზიაროთ” , – წერია განცხადებაში.














