17.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 18, 2026
banner

თელავში ძლიერი ღვარცოფის მიზეზები ცნობილია – სააგენტოს პირველადი შეფასება

სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ თელავში განვითარებული სტიქიის პირველადი შეფასება გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა თელავის მუნიციპალიტეტში მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია.

სააგენტოს მონაცემებით, თელავის მეტეოროლოგიურ სადგურზე ნალექების რაოდენობამ 57.3 მმ შეადგინა, რაც თვის ნორმის 85%-ს უტოლდება, ხოლო იყალთოს სადგურზე 40.1 მმ ნალექი დაფიქსირდა.

სტიქიის მასშტაბის შესაფასებლად დილიდან ადგილზე გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებისა და ჰიდროლოგების ჯგუფი მუშაობდა. პირველადი შეფასებით, უხვი ნალექის შედეგად მყარი ნატანისა და წყლის კრიტიკულმა მასამ ძლიერი ღვარცოფული ნაკადი ჩამოაყალიბა.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, მდინარის შუა წელში განთავსებულმა სამმა ღვარცოფდამჭერმა ნაგებობამ, ე.წ. ხერხეულიძის ღვარცოფდამჭერებმა, ნაკადის ნაწილობრივი ფილტრაცია შეძლო. პირველმა ნაგებობამ თითქმის სრულად შეაკავა მსხვილი ხე-ტყის მასალა, მეორემ მცირე რაოდენობის ხე-ტყის ნატანი, ხოლო მესამემ ქვა-ღორღოვანი ფრაქცია.

თუმცა, ღვარცოფის დიდი მოცულობისა და ძლიერი ენერგიის გამო, ნაკადმა სამივე ნაგებობას მარცხენა მხრიდან გვერდი აუარა, დროებით კალაპოტად ძველი გრუნტის გზა გამოიყენა, დააზიანა ნაპირდამცავი ნაგებობები და გზის რამდენიმე მონაკვეთზე საფარის დეფორმაცია გამოიწვია.

სააგენტოს ინფორმაციით, ქალაქის ტერიტორიაზე მდინარის კალაპოტმა ვერ შეძლო ღვარცოფული ნაკადის სრულად გატარება, რის შედეგადაც ნაკადი მიმდებარე ტერიტორიებზე გადავიდა. ღვარცოფული მასის ძირითადი აკუმულირება თელავის ქვედა ნაწილში, ინფრასტრუქტურული ობიექტების სიახლოვეს დაფიქსირდა.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ სპეციალისტები ადგილზე რჩებიან და სტიქიის ზონის დეტალურ შესწავლას აგრძელებენ.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაისრაელის მმართველ კოალიციაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები 27 ოქტომბერს გაიმართება და არჩევნების თარიღი არ შეიცვლება