თელავში ბატონის ციხის კარის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.
ამ დროისთვის უკვე დასრულებულია კრამიტის საფარის მოწესრიგება, გადაწყობა და ფრაგმენტული შეკეთება; ტაძრის ოთხივე ფასადსა და ინტერიერში საპირე წყობის აღდგენა და ამოგოზვა; საკურთხეველში კონქისა და აგურის ტრაპეზის ქვის ნაწილობრივი შელესვა კირის ხსნარით. ასევე, დამზადებულია სამხრეთისა და დასავლეთის კარები, ხის კანკელი. ამჟამად კი მიმდინარეობს ეკლესიის სამხრეთ მინაშენისა და საყრდენი კედლის კონსერვაცია.
დასკვნით ეტაპზე რეაბილიტაცია ჩაუტარდება იატაკს, აღდგება დასავლეთის კარის წირთხლი, აღმოსავლეთ ფასადზე დამონტაჟდება სარკმლის თავსართი, მოეწყობა სამხრეთისა და დასავლეთის კარი და ჩაისმება ხის კანკელი.
სამუშაოები 2025 წლის ნოემბერში დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება.
“მეფე ერეკლეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უდიდესი ადგილი უკავია. თელავი უმნიშვნელოვანესი ადგილია ჩვენი სულიერების, იდენტობისა თუ ტურიზმის კუთხით. ადგილობრივ თვითმმართველობასთან და ეკლესიასთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ კომპლექსის მაღალ დონეზე რეაბილიტაციისა და ამ ისტორიული ძეგლის პოპულარიზაციისთვის”, – განაცხადა კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ.
















