თელავის სოფელ ლაფანყურის მოსახლეობა მდინარე ლოპოტაზე ჰესის მშენებლობას აპროტესტებს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში ადგილობრივი მოსახლეობა მდინარე ლოპოტაზე დაგეგმილ 5,9 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგება.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ არაოფიციალურად მიიღეს ინფორმაცია მშენებელი კომპანია „ართანა ლოპოტა ჰესის“ მიერ ხეობაში შესაბამისი ტექნიკის შემოყვანასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ ადგილობრივებმა მდინარე ლოპოტის პირას კარავი გაშალეს და სადღეღამისო მორიგეობა დააწესეს.

ლაფანყურელები ამბობენ, რომ სოფლიდან 7 კილომეტრში დაგეგმილი ჰესის მშენებლობა ნეგატიურ გავლენას მოახდენს გარემოზე და სოფელს სასმელი და სარწყავი წლის გარეშე დარჩენა ემუქრება.

„განადგურდება წითელ ნუსხაში შეტანილი ხეების, თელას და ლაფანის სახეობა, მოსალოდნელია მიგრაციის გააქტიურება. ისედაც მცირემიწიანი სოფელია, თუ აქ უწყლოდ დავრჩებით, ნიშნავს, რომ უნდა ავიყაროთ და გადავცხოვრდეთ. ჯერ ერთი წელიც არ გასულა, მდინარეზე დააყენეს წყლის ამზომველები, ჩვენ ვიცით, რომ სამი წელი მაინც უნდა გავიდეს, რეალური ინფორმაცია რომ მიიღონ. ამას გარდა, ყველა ის კითხვა, რომელიც კომპანიის წარმომადგენლებს დაუსვით, ამ დრომდე პასუხგაუცემელია. კარგად გვესმის, რას ნიშნავს ენერგოდამოუკიდებლობა, მაგრამ ჩვენს ხეობაში, რომელიც მცოცავი ქანებით გამოირჩევა და არც წყალუხვია, ჰესის აშენების უფლებას არ მივცემთ“, – განაცხადა ქეთევან ხორნაულმა.

ადგილობრივები კომპანიის წარმომადგენლებს და ექსპერტებს 2019 წელს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვდნენ, რა დროსაც გადაწყდა, რომ მოსახლეობის ყველა კითხვაზე ექსპერტები სათანადო დასკვნებს გააცნობდნენ და დამატებითი კვლევებიც ჩატარდებოდა, თუმცა როგორც ლაფანყურში აცხადებენ, მას შემდეგ მათთან კომპანიის წარმომადგენლები არ გამოჩენილან.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიგერმანიაში ქართველი ემიგრანტები ჰუბერტ ქნირშს პოლიტიკურ კრიზისში უფრო აქტიური ჩართვისკენ მოუწოდებენ
შემდეგი სტატიაადვოკატის ინფორმაციით, მეგი ბაქრაძის ოჯახი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას ითხოვს