14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

თელავის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ თელავის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.

ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.

როგორც შესაბამის დოკუმენტშია აღნიშნული, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 13 275 136 ლარია. სატენდერო წინადადებების მიღება კი 25 სექტემბერს დაიწყება და 30 სექტემბერს დასრულდება.

ტენდერის პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ მშენებლობის საორგანიზაციო ნაწილი და სამშენებლო მოედანზე მობილიზაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 14 დღისა უნდა დაასრულოს. თავად სამუშაოები კი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 21 თვის ვადაში, მათ შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების ჩათვლით, უნდა დასრულდეს.

ტენდერით გათვალისწინებულია შესრულებული სამუშაოების ხანგრძლივი საგარანტიო ვადებიც. კერძოდ, მზიდ კონსტრუქციებსა და საძირკველზე გარანტია არანაკლებ 20 წლით უნდა განისაზღვროს, სახურავის ჰიდროიზოლაციაზე, არამზიდ კონსტრუქციებსა და ფასადის პანელების კონსტრუქციებზე — არანაკლებ 10 წლით, ხოლო ალუმინის ვიტრაჟებზე — არანაკლებ 15 წლით. საინჟინრო სისტემებზე გარანტია მინიმუმ 5 წელი უნდა იყოს, დიზელგენერატორზე — 10 წელი, ტერიტორიის კეთილმოწყობაზე კი — 5 წელი.

ტენდერში მონაწილე კომპანიებს გამოცდილების კუთხით კონკრეტული მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ. კერძოდ, პრეტენდენტს 2022 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გახსნის დღემდე ჯამში არანაკლებ 25 მლნ ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოები უნდა ჰქონდეს შესრულებული. ამასთან, კომპანიას უნდა ჰქონდეს მსგავსი სირთულის მინიმუმ ერთი შენობა-ნაგებობის მშენებლობის გამოცდილება, რომლის ღირებულებაც არანაკლებ 10 მლნ ლარია, ან ორი შენობა-ნაგებობის მშენებლობის გამოცდილება, რომელთა ჯამური ღირებულება მინიმუმ 15 მლნ ლარი იქნება.

გარდა ამისა, პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს მინიმუმ ორი დასრულებული სამშენებლო ობიექტის გამოცდილება, სადაც ჯამში არანაკლებ 2500 კვ.მ ფართობის შენობის სრული მოპირკეთება და საინჟინრო აღჭურვა განხორციელდა. ასევე, ერთი პროექტის ფარგლებში შესრულებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ 2500 კუბ.მ მოცულობის რკინაბეტონის კონსტრუქციების მოწყობის სამუშაოები.

პროექტის შესრულებისთვის კომპანიამ შესაბამისი გამოცდილების მქონე პერსონალიც უნდა უზრუნველყოს. მოთხოვნილია, მათ შორის, პროექტის მენეჯერი და მშენებლობის მთავარი ინჟინერი მინიმუმ 10-წლიანი გამოცდილებით, სამუშაოთა მწარმოებელი — მინიმუმ 7-წლიანი, გეოდეზისტი, ელექტრიკოსი და განათების სპეციალისტი, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის კომუნიკაციების, ასევე გათბობა-გაგრილების სისტემების სპეციალისტები — მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილებით.

ასევე, თუ პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება, კომპანიამ ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი საშემფასებლო, აუდიტის ან ექსპერტიზის დასკვნა უნდა წარმოადგინოს. შესაბამისი დასკვნის წარმოუდგენლობა ან უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას გამოიწვევს.

გარანტიის მოქმედების ვადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მიწოდების ვადას სულ მცირე 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს.

2024 წლის თებერვალში თელავის აეროპორტის ტერმინალის კონცეპტ-დიზაინის შესახებ გამოცხადებულ ტენდერში შპს „ხმალაძე არქიტექტორებმა“ გაიმარჯვა. მაშინ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, „ხმალაძე არქიტექტორების“ მიერ ტერმინალის არქიტექტურული პროექტის მომზადება 296 000 ლარი დაჯდებოდა.

ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისში, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტისადმი წარდგენილი ანგარიშისას განაცხადა, რომ თელავის აეროპორტის ტერმინალისა და ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა, 2024 წელსვე უნდა დაწყებულიყო და 2025 წელს დასრულებულიყო. თუმცა პროექტი ამ დრომდე არ განხორციელებულა.

შეგახსენებთ, რომ თელავში ახალი, თანამედროვე აეროპორტის აშენებასთან დაკავშირებით მთავრობამ გადაწყვეტილება 2023 წლის სექტემბერში მიიღო.

banner
წინა სტატიაშიწყალთაშუა-საირმის გზის მე-3 კმ-ზე მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგა
შემდეგი სტატიასამადაშვილი: ივანიშვილი პოლიტიკური ველის მოსუფთავებას ცდილობს