“თელასი” საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ ობიექტების მშენებლობის ფაქტების აღკვეთას ითხოვს

სს „თელასი“ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ ობიექტების მშენებლობის ფაქტების აღკვეთას ითხოვს.
სს „თელასი“ ითხოვს აღიკვეთოს საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ და მათი დაცვის ზონებში სხვადასხვა ობიექტების მშენებლობის ფაქტები. ამასთან დაკავშირებით კომპანია განცხადებას ავრცელებს:

“თბილისის მასშტაბით დაფიქსირებულია ელექტროდანადგარების მოწყობის და უსაფრთხოების ტექნიკის ნორმების დარღვევის ათეულობით შემთხვევა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ არაერთხელ მიმართა მერიას ამ საკითხის მოსაგვარებლად, სს „თელასის“ 35-110-კილოვოლტიან საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ უსაფრთხოების ნორმების აშკარა დარღვევით ისევ შენდება საცხოვრებელი სახლები, საზოგადოებრივი ობიექტები და ეწყობა სამშენებლო ნარჩენების ხელოვნური მიწაყრილები.

სს „თელასის“ შესაბამისი სამსახურების თანამშრომლების მიერ მიმდინარე გეგმიური შემოვლა-დათვალიერების დროს აღმოჩნდა, რომ ვარკეთილის დასახლებაში, „ოლიმპიური სოფლის“ ტერიტორიაზე, სს „თელასის“ ბალანსზე არსებული 110კვ სტრატეგიული მნიშვნელობის, სატრანზიტო დანიშნულების საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების „მახათა-2“ და „კენისი-4“ სადენების ქვეშ საცურაო აუზებისა და გასართობი ცენტრების სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება. სამუშაოები, რომელსაც კომპანია „Hualing“-ი ატარებს, კატეგორიულად ეწინააღმდეგება ელექტროდანადგარების მოწყობის წესებისა და უსაფრთხოების ტექნიკის ნორმებს და შესაძლოა მასობრივი უბედური შემთხვევების მიზეზი გახდეს.

საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ და მათი დაცვის ზონებში აშენებული ობიექტები შეიძლება არამარტო უბედური შემთხვევების მიზეზი გახდეს, არამედ ისინი ხელს უშლიან გადამცემი ხაზების ნორმალურ რეჟიმში ფუნქციონირებას, გეგმიური ტექნიკური მომსახურეობის ან შესაძლო ავარიული სამუშაოების ოპერატიულად და სრულყოფილად განხორციელებას. ყველაფერი ეს კი ნეგატიურ გავლენას მოახდენს მომხმარებლების ელექტრომომარაგების ხარისხსა და იმედიანობაზე.

აქედან გამომდინარე, სს „თელასი“ მოუწოდებს სამშენებლო კომპანიებს სასწრაფოდ მიიღონ შესაბამისი ზომები და მიმართავს მერიას თხოვნით შემოწმდეს რამდენად დაცულია ელექტროდანადგარების მოწყობის და უსაფრთხოების ტექნიკის ნორმები და მიიღოს გადამწყვეტი ზომები.”- აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიკონსტიტუციონალისტები საკონსტიტუციო სასამართლოში არსებული განხეთქილების მთავარ მიზეზად “რუსთავი2”-ს ასახელებენ
შემდეგი სტატიამანანა კობახიძე : პაპუაშვილმა დაკარგა სახე და გვევლინება, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ სახე