თეიმურაზ უბილავა – გიორგი სალაყაიას სახელის „ბადაგონთან“ გაიგივებას არ დავუშვებთ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 16, 2018 16:31

თეიმურაზ უბილავა – გიორგი სალაყაიას სახელის „ბადაგონთან“ გაიგივებას არ დავუშვებთ

კომპანია „გრაკორო თრეიდინგ ლიმითედის“ ადოკატების განცხადებით, 1,2 მლნ აშშ დოლარი „ბადაგონმა“ ვალის დაფარვის მიზნით გადაიხადა – ამის შესახებ მათ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. მათი თქმით, ტრანზაქცია წილის გამოსყიდვის მიზნით არ შესრულებულა. ადვოკატების განმარტებით, გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე „ბადაგონის“ წარმომადგენელებმა აღნიშნეს, რომ წილი მხოლოდ 30 ათას ამერიკულ დოლარად ჰქონდათ ნაყიდი. „ბადაგონის“ წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 81 პროცენტიანი წილის სანაცვლოდ 1 მლნ. 200 ათასი დოლარი გადაუხადეს, „გრაკოროს“ ადვოკატი იმედა დვალიძე უარყოფს.

პრესკონფერენციას გრაკოროს წარმომადგენელი თეიმურაზ უბილავაც ესწრებოდა. მისი თქმით, არ ყოფილა ლაპარაკი იმაზე, რომ 1.2 მილიონის გადარიცხვით მოხდებოდა „ბადაგონის“ წილის გასხვისება.

„მე გახლავართ ბადაგონის პრეზიდენტი, ვარ „გრაკოროს“ წარმომადგენელი და ამ კომპანიის თანამფლობელი და ასე ვთქვათ, კომპანია „ბადაგონის“ თანამფლობელი.

ვფიქრობ, 2006 წლიდან საზოგადოებას ძალიან კარგად ვახსოვარ. ყველა ქმედება სულ დასაწყისიდან ჩატარებულია ჩემ მიერ, ვიდრე აქტიურ მუშაობას დაიწყებდა მოწვეული თანაშრომელი გიორგი სალაყია.

შესაბამისად, როცა მან აქტიური მუშაობა დაიწყო, ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებდით ყველნაირად. ჩემი ფუნქცია, როგორც პრეზიდენტის, წარმომადგენლობითი ხასიათის იყო. მე წარმოვადგენდი კომპანიას. ბოლო ასეთი წარმოდგენა იყო ჩვენი ლიზა ბაგრატიონის კონცერტები ესტონეთში. ამის დამადასტურებელი ვიდეომასალა არსებობს.

დაცვის ფორმა, რომელიც ბატონმა სალაყაიამ აირჩია, მიუღებელია. მან ძალიან კარგად იცის როგორ, ვის და რატომ ერიცხებოდა ეს ფული. არ ყოფილა საერთოდ ლაპარაკი იმაზე, რომ 1.2 მილიონის გადმორიცხვით მოხდებოდა წილის გასხვისება. ეს იყო დაბრუნება პროცენტის, აუცილებელი თანხის, კომერციული საქმიანობის გაგრძელების საქართვლოს ფარგლებს გარეთ. ეს ჩემთვის ძალიან კარგად არის ცნობილი. გუშინდელი გამოსვლის ფაქტი სახეშეცვლილი იმიჯით, პირველ რიგში უკიდურესად აბსურდული და აგრესიული თავდასხმები ბატონი ჯანჯღავას მისამართით. თან, ამავდროულად, მეგობრულ ურთიერთობებზე საუბარი, არის მცდელობა საზოგადოების და მთავრობის შეცდომაში შეყვანისთვის“, – განაცხადა თეიმურაზ უბილავამ.

მისივე თქმით, გიორგი სალაყაიას სახელის გაიგივებას კომპანია „ბადაგონთან“ ისინი არ დაუშვებენ.

„დღეს „ბადაგონს“ ნამდვილად სჭირდება საზოგადოებისა და მთავრობის მხარდაჭერა. ოღონდ, იმ „ბადაგონის“, რომელიც არის ნამდვილი „ბადაგონი“ და არა გიორგი სალაყაიასი. მისი სახელის გაიგივებას კომპანია „ბადაგონთან“ ჩვენ არ დავუშვებთ. ჩვენ დავამტკიცებთ ჩვენს კონკრეტულ მონაწილეობას და ჩვენს დაინტერესებას სიმართლის გასარკვევად“, – განაცხადა თეიმურაზ უბილავამ.

ღვინის კომპანია „ბადაგონით“ გამოძიება დაინტერესდა. დავა კომპანიის მოქმედ და ყოფილ მფლობელებს შორის მიმდინარეობს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 16, 2018 16:31