თედო ჯაფარიძე: პრეზიდენტის მოწოდება მისაღებია, მაგრამ ჩვენი პარტია ძალიან აქტიურად მუშაობს

პრეზიდენტის მოწოდება მისაღებია, მაგრამ ჩვენი პარტია საკმაოდ აქტიურად მუშაობს, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თედო ჯაფარიძე საქართველოს პრეზიდენტის მოწოდებას პარტიებისადმი, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში უფრო აქტიურად ჩაერთონ.

ჯაფარიძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მესიჯები ამომრჩევლამდე სწორად მიდის.

„პრეზიდენტის მოწოდება, რომ პარტიებმა უფრო აქტიურად იმუშაონ, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი პარტია „ქართული ოცნება“ ძალიან აქტიურად და ინტენსიურად მუშაობს. მე მგონია, რომ ის საარჩევნო მესიჯები და არა მხოლოდ საარჩევნო, რომელიც ჩვენს პარტიას გააჩნია, კარგად და ზუსტად მიდის ამომრჩევლამდე. პრეზიდენტის მოსაზრება, მართალია, მისაღებია, მაგრამ ჩვენი პარტია ამ მხრივ საკმაოდ აქტიურია“, – განაცხადა თედო ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს ამომრჩევლის წინაშე კონკრეტული პროგრამებით წარდგომას და გააქტიურებას ურჩევს. გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკოსებმა დეტალური ინფორმაცია უნდა მიაწოდონ ამომრჩეველს – თუ რას გეგმავენ დასაქმების, ეკონომიკის, სასამართლო სისტემის რეფორმის მიმართულებით, რა პოზიცია აქვთ გეოპოლიტიკურ საკითხებზე. პრეზიდენტი ასევე მიმართავს მედიას, საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებით გააქტიურდეს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის “საიდუმლო ციხიდან” 13 ადამიანი გაანთავისუფლეს
შემდეგი სტატიათურქები ქურთებს ეთნიკურ წმენდაში ადანაშაულებენ