თეა წულუკინი: ჩვენი მხრიდან რამე ტიპის არამც თუ დაპირება, არამედ ამ თემაზე დისკუსიაც კი არ შემდგარა

ჩვენი მხრიდან რამე ტიპის არამც თუ დაპირება, არამედ ამ თემაზე დისკუსიაც კი არ შემდგარა. იქ მყოფ, მეორე მხარეს მსხდომ მამაკაცებს შორის ყველაზე თავაზიანობით გამოირჩეოდა ბატონი გრიგოლ ვაშაძე, რომელმაც ერთ მშვენიერ დღეს თავისი ქაღალდებიდან რაღაც სია ამოაძვრინა და პატიმრებზე საუბარი დაიწყო. მე, როგორც მთავრობის წარმომადგენელმა, მას ეს სია ჩემივე ინიციატივით გამოვართვი, წამოვიღე და სია დამუშავდა. მოლაპარაკების შემდეგ რაუნდზე ეს სია მივიტანე და უცხოელების გასაგონად ვუპასუხე, რომ მის სიაში ჩამოთვლილი გვარ-სახელები საერთოდ არ იმყოფებოდნენ საპატიმროში. მას სახე ჰქონდა შეფაკლული, ასე ვიტყოდი და ამით ამოიწურა ეს თემა“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შეუძლია თუ არა გვარების გახსენება, თუ ვინ იყო მითითებული ამ სიაში, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სიაში უცნობი გვარ-სახელები იყო მითითებული.

„ამ გვარებს ვერ გავიხსენებ. ეს იყო უცნობი გვარ-სახელები. დაახლოებით, 60 ადამიანი და როგორც გითხარით, აღმოჩნდა, რომ იმ დროს არც ერთი არ იყო პატიმრობაში. ერთი ადრე ყოფილა პატიმრობაში, განზრახ მკვლელობისთვის. ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ის მართლაც იყო ოდნავ შერცხვენილი, მაგრამ შემდეგ უკვე, მოლაპარაკებებში აღარ ვყოფილვარ ჩართული, რადგან გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ უფრო პატარა გუნდებად წასულიყო მუშაობა“, – განაცხადა წულუკიანმა.

“ოპოზიციის ე.წ პოლიტპატიმრების იწილო-ბიწილოზე ჩვენ ბევრ დროს ვხარჯავთ, თემა არის დახურული. მომლაპარაკებლები, ვინც იქ იყვენენ, ამბობენ რომ ამაზე არავითარი დაპირება არ ყოფილა… პარტიის წარმომადგენლები ვინც ვიყავით უმრავლესობის ინსტრუქციების ფარგლებში ვმოქმედებდით და 8 მარტსაც ჩვენს მომლაპარაკებლებს სხვა ინსტრუქცია არ ჰქონიათ”, – თქვა წულუკიანმა.

როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, მაგიდასთან მომლაპარაკებლად არავინ ყოფილა პოლიტიკური პარტიის ინსტრუქციების გარეშე.

„პოლიტიკური პარტიის ინსტრუქციების გარეშე არც ჩვენ მივდიოდით და არც მერე წასულა ვინმე და ჩვენ ვიცით, რომ 8 მარტს ჩვენს მომლაპარაკებლებს, ბატონ არჩილს და ბატონ ირაკლის ჰქონდათ ის ინსტრუქციები, რაზეც ისინი დღეს საჯაროდ საუბრობენ, რომ საარჩევნო სისტემაზე შესაძლებელი იყო ის შეთანხმება, რაც 8 მარტს შეთანხმდა, ხოლო პატიმრობებზე იქ ვერანაირი საუბარი ვერ იქნებოდა; მით უმეტეს, ვერ იქნებოდა დაპირება, ვინაიდან მომლაპარაკებლებს ამგვარი ინსტრუქციაც კი არ ჰქონიათ, არამც თუ ის, რომ ისინი ვინმეს რამეს დაპირდნენ. ამას მოწმობს ტექსტები, რომლებიც 8 მარტს იქნა ხელმოწერილი და იმ ტექსტებში არ არის არავითარი საუბარი რამე ტიპის პოლიტიკოსის და რომელიმე პატიმრის გათავისუფლებაზე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიანა ფოტიგა: ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან მაგრამ ციხეში ისინი არაერთხელ მოვინახულე
შემდეგი სტატია14 მაისს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება