სადავო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი, რომელიც ამავდროულად არის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, ამბობს, რომ მას სანქცია დაუწესეს. მან „იმედის“ ეთერში არ დააკონკრეტა, რომელმა ქვეყანამ გამოიყენა მის წინააღმდეგ სანქცია, თუმცა თქვა, რომ ეს უკავშირდება პოლიტიკაში მის გადაწყვეტილებებს.
„მე ვარ დასანქცირებული. ჩავთვალოთ, რომ მე, დღეს არ მიკეთია ბროში, მაგრამ რომ მიკეთია [ხოლმე], მის მაგივრად მიკეთია ყვითელი ვარსკვლავი. თუ ჩავთვლი, რომ სანქცია არის ჩემთვის ყვითელი ვარსკვლავი, რომ ვარ მე მიუღებელი…“ – თქვა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის, დასავლურ ქვეყნებს „ქართული ოცნების“ ლიდერების, წევრებისა და მათთან დაკავშირებული 200-ზე მეტი ადამიანისათვის აქვთ დაწესებული სხვადასხვა ტიპის სანქცია.
სანქცირებულთაგან 119-ის ვინაობა გასაჯაროვდა, ხოლო დანარჩენებზე ანონიმური სავიზო შეზღუდვებია დაწესებული როგორც აშშ-ის, ისე ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის მიერ.


















