თეა წულუკიანს არ სურს, რომ მოწმის დაკითხვის ახალი წესი კიდევ გადავადდეს

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, მოწმეთა დაკითხვის წესთან დაკავშირებული რეფორმა მოწმის უფლებების დაცულობას და გამოკითხვის ნებაყოფლობას უზრუნველყოფს.

როგორც მინისტრმა განაცხადა, შემუშავებული მოდელი საფუძველს ჩაუყრის იმას, რომ მოწმის დაკითხვა ნებაყოფლობითი გახდეს გამოძიების წინაშე, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ თუკი პროკურორი საჭიროდ ჩათვლის, შესაძლოა გამოკითხვის უფლება სავალდებულო გახდეს, ოღონდ მოსამართლის წინაშე, სასამართლოს დარბაზში.

„ჩვენ გვინდა ისეთი მოდელი, რომელიც ერთის მხრივ დაიცავს მოწმის უფლებას, ასევე, გამომძიებელს და სამართალდამცავ ორგანოებს არ წაართმევს ბერკეტს, რომ საზოგადოება დაცული იყოს დანაშაულისგან. ჩვენ გვინდა, რომ მხარეთა თანასწორობა დაცული იყოს და ამიტომაც, პარლამენტს შევთავაზეთ, რომ გავამკაცროთ სანქციები ცრუ ჩვენებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრის განცხადებით, მოწმე, რომელიც ნებაყოფლობითობის პრინციპით დაიკითხება და თუკი ის საგამოძიებო ორგანოებს მოატყუებს და ძიებას სხვა, ცრუ მიმართულებით წაიყვანს, ის მკაცრად უნდა დაისაჯოს.

მისივე თქმით, მოწმეს არ უნდა ჰქონდეს ყველაფრის უფლება, მაგალითად ტყუილის, უარის უფლება და აქვე დასძინა, რომ აღნიშნული რეფორმა საშუალებას იძლევა ადამიანის უფლებებთან ერთად, საზოგადოება დანაშაულისგან დაიცვას.

მინისტრის განცხადებითვე, მოწმეთა დაკითხვის წესი აღარ გადავადდება, რადგანაც ეს უპასუხისმგებლობა იქნება.

შეგახსენებთ, რომ მოწმეთა დაკითხვის წესთან დაკავშირებით პარლამენტი დღეს იმსჯელებს. დეპუტატებმა აღნიშნული კანონპროექტი პირველივე მოსმენით უნდა დაამტკიცონ.

banner
წინა სტატიაშიმენინგიტის დიაგნოზით ორი ბავშვი იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
შემდეგი სტატიაუჩა ნანუაშვილი: მთავარი სფერო, სადაც გამოწვევები შეინიშნება, არის სასამართლო