თეა წულუკიანმა მთავარი პროკურორის არჩევისას შესაძლოა, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღოს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ შესაძლოა, მთავარი პროკურორის არჩევისას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღოს.

როგორც წულუკიანმა განმარტა, ამის მიზეზია, „საზოგადოებამ დაინახოს, რა სურს საპროკურორო საბჭოს“.

ამასთან, თეა წულუკიანმა უპასუხა კითხვას, არიან თუ არა ის და მთავარი პროკურორობის ერთ-ერთი კანდიდატი შალვა თადუმაძე ნათესავები.

„არის თუ არა ჩემი ნათესავი შალვა თადუმაძე? გეტყვით, რომ ის არ არის ჩემი ნათესავი. მე ვარ მისი შვილის ნათლია. ის გავიცანი პოლიტიკურ ბრძოლაში 2012 წელს, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის გარშემო ვიყავით იურისტების ჯგუფი შემოკრებილი, რომელებმაც „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ვიბრძოლეთ და დავამარცხეთ „ნაციონალური მოძრაობა“ პირველ ოქტომბერს. ამ ჯგუფში იყო არჩილ კბილაშვილი, შალვა თადუმაძე, თქვენი მონამორჩილი, ბატონი ზაქრო ქუცნაშვილი, ალექსანდრე ბარამიძე, მაგრამ ეს იყო შთამბეჭდავი ჯგუფი იურისტებისა და ასე შედგა ჩვენი ნაცნობობა ბატონ შალვასთან.

რაც შეეხება საბჭოს, ყველა კანდიდატთან მაქვს კითხვები. თუმცა ვფიქრობ, რომ საბჭოს სხდომაზე მაქსიმალურად თავს შევიკავებ კითხვების დასმისგან, მათ შორის ერთ-ერთ კანდიდატთან მაქვს ძალიან დიდი კითხვა. ამ კითხვას არ დავსვამ და შეიძლება კენჭისყრაშიც არ მივიღო მონაწილეობა იმისთვის, რომ საზოგადოებამ დაინახოს საბჭოს რა სურს“,- განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, მთავარი პროკურორობის სამივე კანდიდატი ღირსეულია. თეა წულუკიანის ინფორმაციით, საპროკურორო საბჭოს სხდომა მიმდინარე კვირაში გაიმართება.

„ვფიქრობ, რომ სამივე კანდიდატურა არის ღირსეული. კოორდინაციას ამ პროცესისას აუცილებლად გავწევ, ისევე როგორც მანამდე გავწიე და მივცემ მაქსიმალურ შესაძლებლობას პროკურორებს, ხაზს ვუსვამ სიტყვას პროკურორს, რომელიც სამწუხაროდ ზოგიერთისთვის ხელწამოსაკრავი სიტყვა გახდა და ეს არ არის ხელწამოსაკრავი სიტყვა, ყველას ექნება საშუალება გამოთქვან საკუთარი აზრი, რომ საბჭომ აჩვენოს ვინ არის მათთვის სასურველი კანდიდატი, ჩვენ ამას ვნახავთ ღიად და გამჭვირვალედ, როგორც ამას ვხედავდით. სხდომა მიმდინარე კვირაში ჩატარდება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საპროკურორო საბჭოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი წარადგინა – შალვა თადუმაძე, შალვა შავგულიძე და ნინო გოგნიაშვილი. მთავარი პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი.

banner
წინა სტატიაშინინია კაკაბაძე – ვემხრობი იდეას, რომ დოკუმენტური ფილმები და საგამოძიებო ჟურნალისტიკა გავიდეს გარე წარმოებაში
შემდეგი სტატიახაიშში ალტერნატიული გზის მშენებლობა მიმდინარეობს + ვიდეო