თეა წულუკიანმა ლაითურში პენიტენციური დაწესებულების სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 16, 2020 20:46

თეა  წულუკიანმა ლაითურში პენიტენციური დაწესებულების სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

თეა წულუკიანმა ლაითურში პენიტენციური დაწესებულების სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერაიუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურში ჩავიდა და პენიტენციური დაწესებულების სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ლაითურის დაწესებულება იქნება 700 მსჯავრდებულზე გათვლილი მცირე ზომის დაწესებულება, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ეფექტიანად სამართავი და მორგებული მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ინტერესს. მასში განთავსებულ პატიმრებს ამ მიმართულებით ბევრად მეტი შესაძლებლობა ექნებათ, ვიდრე დღეს არსებული პენიტენციური დაწესებულებების დიდ ნაწილში მყოფ პატიმრებს აქვთ, რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო.
„ლაითურის დაწესებულების ახალი პროექტის მთავარი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ მსჯავრდებულმა საკნის გარეთ გაატაროს დღის საათები და, ამასთან, საკნის გარეთ გატარებული დრო დატვირთული იყოს რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროექტებით. ამასთანავე, რეგიონში ამ მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც საინტერესოა იმ მხრივ, რომ ახალ პენიტენციურ დაწესებულებაში 500-მდე პირი დასაქმდება. იუსტიციის სამინისტროს სტანდარტის შესაბამისად, თანამშრომლების შერჩევა მოხდება ღია კონკურსის გზით და ამ პროცესში პრიორიტეტი სწორედ ადგილობრივ მოსახლეობას მიენიჭება”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
მისი თქმით, ამ ეტაპზეც მოსამზადებელ სამუშაოებზე სულ 100-მდე პირი არის დასაქმებული, საიდანაც 64 არის გურიის რეგიონიდან, ხოლო ამ 64-დან 38 პირი დაბა ლაითურის მკვიდრია. სამუშაოების შემდეგ ეტაპზე, როდესაც დაწესებულების სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოები დაიწყება, ობიექტზე დასაქმებულთა ოდენობაც გაიზრდება და უფრო მეტ ადგილობრივ მცხოვრებს შეეძლება დასაქმება.
ინფორმაციისთვის, ლაითურის პროექტი არის პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიისა და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის ნაწილი, რომელიც ევროკავშირის შესაბამის პროექტთან თანამშრომლობით შემუშავდა და 2019 წლის 22 თებერვალს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა. სტრატეგიის დოკუმენტის თანახმად, იგეგმება დიდი ზომის ნახევრადღია დაწესებულებების (ე.წ. „ზონების“) მცირე ზომის, შერეული რისკის პენიტენციური დაწესებულებებით ჩანაცვლება. მოცემული მიდგომა „წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის“ (CPT) რეკომენდაციებსაც სრულად პასუხობს.
ლაითურის დაწესებულების მიტოვებული მშენებლობის განახლების მიზნით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უკვე არსებული და დაზიანებული ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობა 2018 წელს მას შემდეგ დაიწყო, რაც ციხეების სისტემა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ დაბა ლაითურში 3600 პატიმარზე გათვლილი პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა ჯერ კიდევ 2007 წელს დაიწყო. თუმცა, იმ პერიოდში მხოლოდ ნაწილობრივ მოეწყო ძირითადი სარეჟიმო შენობის ფუნდამენტი და სამუშაოები შეწყდა. 2013 წელს სამუშაოები განახლდა და განხორციელდა საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება. მშენებარე დაწესებულება გადაკეთდა 700 პირზე გათვლილ დახურული ტიპის დაწესებულებად. 2013-2016 წლებში მოეწყო გარე პერიმეტრის რკინა-ბეტონის ღობეები და ჩატარდა მიწის მოწყობის სამუშაოები, ნაწილობრივ აშენდა ძირითადი სარეჟიმო და ადმინისტრაციული, ასევე გარე დაცვისა და ბადრაგირების მაშინდელი სამსახურის შენობები, რის შემდეგაც სამუშაოები კვლავ შეწყდა. 2018-2019 წლებში განხორციელდა ლაითურის პენიტენციური დაწესებულების საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება. საპროექტო სამუშაოები დასრულდა 2019 წლის 7 ივნისს, ხოლო 2019 წლის 10 ივნისს დასრულებული დოკუმენტაცია გაიგზავნა სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საიდანაც პასუხი პენიტენციურმა სამსახურმა 2020 წლის თებერვალში მიიღო. ამის შემდეგ, 2020 წლის 2 მარტს რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადდა ტენდერი, რომელიც პირველ ჯერზე უშედეგოდ დასრულდა. განმეორებით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან კონტრაქტი 2020 წლის 22 ივნისს გაფორმდა. კომპანიამ აიღო ვალდებულება, მშენებლობა გააგრძელოს ახალი პროექტის მიხედვით და ის ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვის ვადაში დაასრულოს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 16, 2020 20:46