თეა წულუკიანმა კონსტანტინე ვარძელაშვილის მოთხოვნა დააკმაყოფილა და სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის სხდომა დატოვა

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატობის მსურველის, კონსტანტინე ვარძელაშვილის მიერ დაყენებული აცილების მოთხოვნა დააკმაყოფილა და შესარჩევი კომისიის სხდომა დატოვა.

იუსტიციის სამინისტროში, სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისას, თეა წულუკიანი დაინტერესდა, კონსტანტინე ვარძელაშვილს რა მიზეზი ჰქონდა მისი, მთავრობის საპარლამენტო მდივნის, შალვა თადუმაძისა და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო ქაცარავას აცილების მოთხოვნის თაობაზე.

წულუკიანის გარდა, მსგავსი კითხვა შალვა თადუმაძემაც დასვა. „ჩემი აცილების მიზეზი მაინტერესებს. იქნებ, მითხრათ, მე რატომ უნდა ამიცილოთ?“, – მიმართა თადუმაძემ ვარძელაშვილს.

თავის მხრივ, ვარძელაშვილმა საკუთარი მოთხოვნის მიზეზი განმარტა და აღნიშნა, რომ სამივე პირი იმ საქმეების მიმართ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდნენ, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში მისი საქმიანობის დროს იყო განხილული.

„პირადად თქვენ განცხადება არ გაგიკეთებიათ, მაგრამ მთავრობის წევრები მკაცრ, უარყოფით განცხადებებს აკეთებდნენ. ეს წმინდა პოლიტიკური განცხადებები იყო და არა სამართლებრივი“, – მიმართა თადუმაძეს ვარძელაშვილმა.

ამის შემდეგ, თადუმაძე დაინტერესდა, რა შუაში იყო კომისიის მუშაობაში მისი მონაწილეობა იმ განცხადებასთან, რომელიც მაგალითად, განათლების მინისტრმა გააკეთა.

ვარძელაშვილსა და თადუმაძეს შორის გამართული დიალოგის შემდეგ, წულუკიანმა აღნიშნა, რომ ის ვარძელაშვილის აცილებას აკმაყოფილებდა იმ მიზნით, რომ მას, როგორც მთავრობის წევრს, ვარძელაშვილისთვის დისკომფორტი არ შეექმნა.

კომისიის წევრების მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, ვარძელაშვილმა აღნიშნა, რომ კონკურსში მისი მონაწილეობა ფორმალური იყო. „საჭიროდ ვთვლი, რომ ყველა ფორმალური პროცედურა გამოვიყენო. იმის გარკვევა მსურს, წინა სხდომაზე რამ განაპირობა ჩემთვის ერთი მხრივ, მინიმალური და მეორე მხრივ, მაქსიმალური ქულების დაწერა?!“, – მიმართა კომისიის წევრებს ვარძელაშვილმა.

ამ დროისთვის კომისია ოთხ კანდიდატს გაესაუბრა, რომელთა შორის არიან ირაკლი ადეიშვილი, თამარ ალანია, იოსებ ბაჩიაშვილი, კონსტანტინე ვარძელაშვილი, კონსტანტინე კორკელია. ერთმა კანდიდატმა, ნინო ბაქაქურმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

banner
წინა სტატიაშიზაზა ნადირაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
შემდეგი სტატიაბათუმის საქალაქო სასამართლოში “თანასწორობის მოძრაობის” წევრების საქმესთან დაკავშირებით, მოწმეთა დაკითხვა მიმდინარეობს