თეა წულუკიანმა ესკორტის ოფიცრებს ახალი უნიფორმები გადასცა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების ახლად შექმნილი მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს – ესკორტის ოფიცრებს ახალი უნიფორმები გადასცა.

მინისტრის თქმით, 2018 წელს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იუსტიციის სამინისტროსთან შერწყმის შემდეგ ჩატარდა უნიფორმების ინვენტარიზაცია. ამ მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ პენიტენციურ სისტემას უნიფორმების მწვავე დეფიციტი ჰქონდა, რასაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის 2018 წლის 25 დეკემბრის ანგარიშიც ადასტურებს.

„მოცემული დეფიციტისა და მისგან გამოწვეული პრობლემების მოკლე დროში აღმოსაფხვრელად, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგა. კერძოდ, მინისტრის 2018 წლის 17 ოქტომბრის ბრძანებით „სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალური დანაყოფის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ განისაზღვრა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების უნიფორმის მახასიათებლები.

ამასთანავე, 2018 წლის 22 ოქტომბერს გამოცხადდა ტენდერი ბადრაგების (ამჟამად ესკორტის ოფიცრები) უნიფორმების შესაძენად. სატენდერო პირობებში ჩაიდო მოთხოვნა, რომ უნიფორმა უნდა ყოფილიყო ქარხნული წესით დამზადებული და უმაღლესი სტანდარტის, ასევე წყალგაუმტარი, ქარგაუმტარი, მაღალი ხარისხის გამძლე ქსოვილისგან დამზადებული და სხვ.

აღნიშნული პირობებით ჩატარებული ტენდერის შედეგად შეძენილი ახალი უნიფორმების პრეზენტაცია დღეს გლდანში, იმ ტერიტორიაზე ჩატარდა, სადაც თეა წულუკიანის თქმით, 2020 წლიდან დაიწყება ესკორტირების და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოსთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაზის მოწყობა. ბაზაზე განთავსდება ავტოპარკი და მოეწყობა საწვრთნელი ბაზა, სადაც ესკორტის ოფიცრები თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან. იქვე განთავსდება სასროლეთიც. ეს ბაზა ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს თანამშრომელთა ღირსეულ სამუშაო პირობებს, კვალიფიკაციის ამაღლებას უზრუნველყოფს და შესაბამისად, აღნიშნული სამმართველოს გამართული ფუნქციონირების საფუძველი იქნება“, – აცხადებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.

ახალი უნიფორმები ესკორტის 300 ოფიცერს გადაეცა. ამით 70 პროცენტით აღიჭურვა ახლახან შექმნილი ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველო, რომელიც 2019 წლის თებერვალში ბადრაგირებისა და სასჯელაღსრულების ე.წ. სპეცნაზის გაუქმებული დანაყოფების ბაზაზე შეიქმნა. ესკორტის მოქმედ ოფიცერთა და კონკურსის შედეგად შემომატებული ახალი კადრების უნიფორმებით სრულად აღჭურვა ზაფხულამდე უნდა დასრულდეს.

„ჩვენ უკვე შემოდგომიდან დავიწყეთ ესკორტის ოფიცრებისთვის ხელფასის ზრდა იმ ფინანსური რესურსის ფარგლებში, რაც პენიტენციურ სამსახურს გააჩნდა, ასევე საკადრო დეფიციტის აღმოსაფხვრელად 52 ახალი ოფიცერი შევარჩიეთ ღია კონკურსის გზით, თითოეული ესკორტის ოფიცრისთვის პრაქტიკაში სავალდებულოდ ვაქციეთ ფიზიკური ნორმატივის ჩაბარება და იარაღის მოხმარების ცოდნა. ამჟამად მიმდინარეობს ახალი კონკურსი 111 ესკორტის ოფიცრის პოზიციაზე. თითოეულმა ოფიცერმა იცის, რომ მის ნორმალურ სამუშაო გრაფიკზე, ხელფასზე, ჩაცმულობაზე, პროფესიულ განვითარებასა და დაცულობაზე ზრუნავს იუსტიციის სისტემა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ესკორტის ოფიცერს პირდაპირი შეხება აქვს პატიმართან და მის გამართულ მუშაობაზე დამოკიდებულია სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისწრაფე და ხარისხი“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ესკორტის ოფიცრებში ხელფასების ზრდა ორ ეტაპად განხორციელდა და საშუალოდ 270 ლარით გაიზარდა. რაც შეეხება პენიტენციურ დაწესებულებებში მომუშავე თანამშრომლებს – ინსპექტორ-კონტროლიორებს, უსაფრთხოების ოფიცრებსა და სხვ. (ჯამში 1780 პირი), უნიფორმების დეფიციტი კვლავ გამოწვევად რჩება, ამიტომაც 2019 წლის 30 იანვარს გამოცხადდა ტენდერი 1800 კომპლექტზე. ისევე, როგორც წინა შემთხვევაში, სატენდერო პირობებით განსაზღვრულია, რომ უნიფორმები უნდა იყოს მაღალი ხარისხის, ქარგაუმტარი, წყალგაუმტარი, ასევე უნდა ჰქონდეს ორწლიანი გარანტია. შესაბამისი სატენდერო და სხვა პროცედურების გავლის შემდეგ, უნიფორმები მიმდინარე წლის მეორე კვარტლის ბოლოსთვის მიეწოდებათ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს.

banner
წინა სტატიაშიდეპუტატებს ხმის მიცემის ინსტრუქციები დაურიგდათ
შემდეგი სტატიასოფო კილაძე : აგვისტოს ომთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადების არასწორი ინტერპრეტირება ხდება