თეა წულუკიანმა აშშ-ის თავდაცვის ყოფილ მდივანს დონალდ რამსფელდს უმასპინძლა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა აშშ-ის თავდაცვის ყოფილ მდივანს, რამსფელდის ფონდის პრეზიდენტ დონალდ რამსფელდს იუსტიციის სახლში უმასპინძლა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა მაღალი დონის დელეგაციას იუსტიციის სახლი დაათვალიერებინა და იუსტიციის სამინისტროს სისტემაში არსებული სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. სტუმრები გაეცნენ იუსტიციის სახლის მუშაობის სპეციფიკას და სერვისების მიღების პროცედურებს.
დონალდ რამსფელდთან ერთად იუსტიციის სახლის ტურს ესწრებოდნენ სტივენ კამბონე − თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე დაზვერვის სფეროში, ფრედერიკ სტარი − ექსპერტი რუსეთისა და ევრაზიის საკითხებში, ასევე, დელეგაციის 90-მდე წევრი რეგიონის 10 ქვეყნიდან და აშშ-დან.
დონალდ რამსფელდი თბილისში კავკასია-ცენტრალური აზია-ავღანეთი-მონღოლეთის რეგიონული ფორუმის ფარგლებში იმყოფება, რომელიც 17-19 ივნისს გრძელდება. ტრადიციულად, ფორუმის პირველი დღე ეძღვნება მასპინძელი ქვეყნის უკეთ გაცნობას. აღსანიშნავია, რომ დონალდ რამსფელდმა თავად გამოთქვა ვიზიტის პირველ დღეს იუსტიციის სახლში სტუმრობის სურვილი.
17-19 ივნისს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტი და რამსფელდის ფონდი თბილისში ატარებენ კავკასია-ცენტრალური აზია-ავღანეთი-მონღოლეთის (CAMCA) რეგიონულ ფორუმს, რომელიც უკვე მეხუთედ ტარდება რამსფელდის სტიპენდიის პროგრამის (Rumsfeld Fellowship Program) ეგიდით.
ღონისძიებაში მსოფლიოს 18 ქვეყნის 150-ზე მეტი წარმომადგენელი რეგიონისთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს.
ფორუმში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია: ,,თავისუფალ დემოკრატებს დიდი ძალა გვიერთდება”
შემდეგი სტატიასაცხოვრებელი სახლის ქვეშ, პროდუქტების ძველებური სათავსო აღმოჩნდა