თეა წულუკიანი – ვერავის მონაწილეობას შეხვედრაზე ვერ დავბლოკავდით, რადგან მისი ინიციატორი არ ვიყავით

ვერავის მონაწილეობას შეხვედრაზე ვერ დავბლოკავდით, რადგან მისი ინიციატორი არ ვიყავით, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე უცხოელები იყვნენ ფასილიტატორები და არა მხარეები.

„ისინი მხარეები ვერ იქნებოდნენ, მათ შეგვკრიბეს, ისინი აქ ბრძანდებიან და თავიანთ პოზიციას თავად მოგახსენებენ“, – განუცხადა მედიის წარმომადგენლებს თეა წულუკიანმა.

ამასთან, წულუკიანი ამბობს, რომ შეხვედრა არ მოუწვევია რომელიმე ერთ ოპოზიციურ პარტიას.

„მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ ითქვას, რომ ეს შეხვედრა არ მოუწვევია „ქართულ ოცნებას“, ეს შეხვედრა არ მოუწვევია რომელიმე ერთ ოპოზიციურ პარტიას, ამ შეხვედრის იდეის, ინიციატორები ყოველ შემთხვევაში „ქართულ ოცნებასთან“ იყვნენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები და მეგობრები.

ვერავის მონაწილეობას ამ შეხვედრაზე ვერ დავბლოკავდით, რადგან ჩვენ არ ვიყავით ამ შეხვედრის ინიციატორი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

წულუკიანის თქმით, „გერმანული მოდელი“ კონსტიტუციური რომ არ არის, ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ ხელისუფლების მხრიდან არის დახურული.

„ჩვენი პოზიციები გაჟღერდა შეხვედრაზე, ეს პოზიციები ნათელია, მკაფიოა, კიდევ ერთხელ ითქვა და მომავალშიც ითქმევა – თუკი ეს ჯერ კიდევ გაუგებარია, რომ „გერმანული მოდელი“ ანტიკონსტიტუციურია, კონსტიტუციის ცვლილების რესურსი საპარლამენტო გუნდის შიგნით შეხვედრაზეც ითქვა, რომ არ არსებობს. შესაბამისად, ეს საკითხები ამ ეტაპზე დახურულია. ეს ვთქვით ჩვენ ღიად, შესაბამისად, არ არის ცუდი, დიალოგი თუ გაგრძელდება, მაგრამ კონსტიტუციური რომ არ არის „გერმანული მოდელი“, ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ ჩვენი მხრიდან არის დახურული“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშივაშაძე- ე.წ ხელისუფლებამ კატეგორიული უარი თქვა გერმანული საარჩევნო მოდელის განხილვაზე
შემდეგი სტატიაბოკერია-ხელისუფლება იმსახურებს პოლიტიკურ წვალებას