თეა წულუკიანი ვანო მერაბიშვილის ინტერვიუს აფასებს

ეს ადამიანები არ შეცვლილან და არც მომავალში შეიცვლებიან, ეს იყო ძალიან საჭირო და დროული ინტერვიუ. გამიკვირდა კიდეც, რომ ეს ინტერვიუ ამ ფორმით გაკეთდა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გვაჩვენეს, რომ მათი ხელისუფლებაში დაბრუნება არათუ არ შეიძლება, არამედ ვერც მოხდება, – ამის შესახებ ტელეკომპანია იმედის გადაცემაში ღია ეთერი იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ ვანო მერაბიშვილმა და ნიკა გვარამიამ თავად გადაწყვიტეს, საზოგადოებისთვის საკუთარი თავის კიდევ ერთხელ ეჩვენებინათ, ვინაიდან მათი ხელისუფლებიდან გამოშორების მომენტიდან და ზოგიერთ ადამიანს, შესაძლოა, არც სურს იმ საშინელებების გახსენება, რაც მაშინ დროს ხდებოდა, ან უბრალოდ მიავიწყდეს ეს ყველაფერი. სამწუხაროდ, ადამიანები ისე ვართ მოწყობილები, რომ ცუდი უფრო ადვილად გვავიწყდება ხოლმე. ამიტომ სასიკეთოც კი იყო ის, რომ ყოფილი მთავარი პროკურორის მოადგილე ნიკა გვარამია, რომელსაც ერთ დროს ქვეყნის ახალი თაობების განათლებაც კი ებარა, და წინა ხელისუფლების ე.წ. ხერხემალი საუბრობდნენ და გვახსენებდნენ, თუ რაოდენ ჭუჭყიანი და ანტიჰუმანური ხელისუფლება მართავდა ქვეყანას“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, მერაბიშვილმა და გვარამიამ რამდენიმე საქმეზე ე.წ. აღიარებითი ჩვენება მისცეს.

„ორივე მოსაუბრე შეთანხმდა, რომ ბერძენიშვილი და ნათელაშვილი რუსეთის აგენტები არ იყვნენ. გირგვლიანის საქმეზე მათ თქვეს, რომ ეს იყო პრობლემა და ამ საქმემ მერაბიშვილის ოჯახს დისკომფორტი შეუქმნა. თქვეს, რომ „იმედში“ შეჭრა და 7 ნოემბერი იყო შეცდომა. თქვეს, რომ ოპოზიციონერების და მათივე თანაგუნდელების შანტაჟის მიზნით გაკეთებული ფარული ჩანაწერები არაფერს ემსახურებოდა. ვანო მერაბიშვილმა თქვა, რომ ორი გვამი არ მოუთხოვია და სხვა რაღაც იგულისხმა და არც კასრების ჩანაწერების შესახებ იცოდა. მან ასევე აღიარა, რომ ციხეებში სისტემური პრობლემა იყო, თუმცა მალევე დააზუსტა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა. ასეთი აბსურდული ბევრი რამ იყო ამ გრძელ, საინტერესო, მაგრამ აღმაშფოთებელ ინტერვიუში“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

მისივე განცხადებით, ამავე აბსურდის ნაწილი იყო ის, რომ მერაბიშვილი და გვარამია შეეცადნენ, საზოგადოებისთვის მორიგჯერ გაესაღებინათ, თითქოს ვანო მერაბიშვილმა სტრასბურგის სასამართლოში რაღაც მოიგო და ის პოლიტიკურ პატიმრად აღიარეს.

„ყველას გვახსოვს დიდი პალატის გადაწყვეტილება, სადაც სასამართლომ იმსჯელა და ცალკე თავი დაუთმო ამ საკითხს, სადაც არაერთი არგუმენტაციისა და ანალიზის შემდეგ დაასკვნა, რომ ეს ასე არ იყო. მიუხედავად ამისა ორი ყოფილი ხელისუფალი იჯდა და პირდაპირ ეთერში ამას ასაღებდა გამარჯვებას. თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით, როდესაც მათ 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ტრაგედია გამარჯვებად შეეცადნენ მიეყიდათ საზოგადოებისთვის. მოკლედ, სტილი დაცული იყო. ეს ადამიანები არ შეცვლილან და არც მომავალში შეიცვლებიან, ეს იყო ძალიან საჭირო და დროული ინტერვიუ. გამიკვირდა კიდეც, რომ ეს ინტერვიუ ამ ფორმით გაკეთდა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გვაჩვენეს, რომ მათი ხელისუფლებაში დაბრუნება არათუ არ შეიძლება, არამედ ვერც მოხდება“, – განაცხადა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშისტომატოლოგიური კლინიკების გახსნის გადაწყვეტილებას შრომითი ინსპექციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით მიიღებენ
შემდეგი სტატიაქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა