თეა წულუკიანი: თამარ ჩარკვიანი, რომელსაც ვიდრე სახლიდან აუშვებენ, ალბათ დამაწყნარებელი უნდა მიართვან

გელათთან დაკავშირებით რასაც ვამბობ, გაუგებარია ადამიანებისთვის, რომლებსაც შინაარსის გამოტანა უჭირთ, მაგალითად, თამარ ჩარკვიანი, რომელსაც ვიდრე სახლიდან აუშვებენ, ალბათ დამაწყნარებლები უნდა მიართვან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს კულტურის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში განუცხადა.

„ხშირად ისმოდა ოპოზიციის ანგაჟირებული კითხვები გელათთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ 2022 წლის 4 ოქტომბერს საპატრიარქომ, როგორც გელათის სამონასტრო კომპლექსის მესაკუთრემ, ოფიციალური წერილით მოგვთხოვა ყველა ტიპის სამუშაოს შეჩერება, რაც ჩვენ გავაკეთეთ და სხვაგვარად ვერც იქნებოდა. ამის შემდეგ გაიმართა მოლაპარაკებები, რომლებიც დასრულდა ისე, რომ 2023 წლის 6 აპრილს გაფორმდა ხელშეკრულება. ხელშეკრულების გაფორმება ​ნიშნავს წერილობით დოკუმენტს, რომელიც ამბობს, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის სრულად რეაბილიტაციის პროცესზე თვითონ საპატრიარქო, როგორც მესაკუთრე, იღებს ვალდებულებას და ამაში, რა თქმა უნდა, სამინისტრო აღარ და ვეღარ ერევა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, ერთადერთი ვალდებულება, რაც დარჩა სამინისტროს, არის სამუშაოების დაფინანსება იმ ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, რასაც მოითხოვს ძეგლის მესაკუთრე.

„მეტი ჩვენ სხვა ვალდებულება ხელშეკრულებით არ გვაქვს. რა თქმა უნდა, რასაც ახლა მე ვამბობ, გაუგებარია ისეთი ადამიანებისთვის, რომლებსაც არა მხოლოდ წაკითხულის, არამედ შინაარსის გამოტანა უჭირთ ნათქვამიდანაც კი. ასეთია, მაგალითად, ქალბატონი თამარ ჩარკვიანი, რომელსაც ვიდრე დილით სახლიდან აუშვებენ, ალბათ დამაწყნარებლები უნდა მიართვან, რადგან არაადეკვატურობა გვაქვს სახეზე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ყველა ჩარევა, რაც სამინისტრომ 2021-2022 წლებში განახორციელა, იყო შედეგიანი.

„ჩვენ, როგორც სახელმწიფო, ჩვენს ვალდებულებას შარშან ვასრულებდით. მილიონი ლარი იქნა ხელშეკრულების შესაბამისად გადარიცხული საპატრიარქოსთვის და მათ, როგორც ხელშეკრულებაში თავად ჩაწერეს, ვალდებულება აიღეს რეაბილიტაციაზე. მე მაქვს რწმენა, რომ ეს რეაბილიტაცია იქნება წარმატებული, თუმცა როდესაც კითხვებს მისვამენ, როგორ მიდის რეაბილიტაცია, ვინაიდან ხელშეკრულებით ჩვენ გამოვირიცხეთ ამ პროცესიდან, ბუნებრივია, ეს ინფორმაცია მე არ მაქვს. მე ვაგებ პასუხს ჩემს გუნდთან ერთად 2021 წლის მაისიდან 2022 წლის 4 ოქტომბრამდე თითოეულ ფაქტზე და რაოდენ სასიხარულოა, ყველა ჩარევა, რაც ჩვენ განვახორციელეთ, იყო შედეგიანი და როგორც ახლა ჩვენ ვხედავთ, ჩვენი ჩარევების შედეგი არის კვლავ დადებითი. რა გაგებით? სადაც ჩვენ ჩავერიეთ, ის კედლის მხატვრობა კვლავ არის სტაბილური, გამაგრებული და შენარჩუნებული. იმის იქით რა ხდება, ვერ გეტყვით“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთში კრისტინა ორბაკაიტის კონცერტები უქმდება
შემდეგი სტატიამეფე ჩარლზს სიმსივნე დაუდგინდა