თეა წულუკიანი: სპეცუბნების გაუქმება მასშტაბური და პოზიტიური ცვლილებაა

wulukiani4„კარგი იქნებოდა, თუ ოპოზიციაც, არასამთავრობო სექტორიც პოზიტიურ რეფორმას ხელი ჩამოვართმევს. ეს რეფორმა არის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი. ჩვენ უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში, საგარეჯოს არჩევნებზე, მე პირადად, ვიყავი მწვავედ კრიტიკულად განწყობილი იმისადმი, რომ იქ ყოფილიყო იმ ფორმით სპეცუბანი, რა ფორმითაც შეიქმნა. ვიმსჯელეთ და შევქმენით სამუშაო ჯგუფი, რომელმაც დადო შედეგი. შედეგი არის ცვლილებათა მთელი პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ – თუკი პარლამენტი ამ ჩვენს პოზიციას გაიზიარებს – შემოდგომაზე, არჩევნებზე ვერცერთმა სამინისტრომ, ვერც თავდაცვის სამინისტრომ, ვერც სასჯელაღსრულებამ, ვერც შს სამინისტრომ ვერ შექმნას თავის ტერიტორიაზე სპეცუბანი. მაგალითად, მუხროვანში ვერ შეიქმნება სპეცუბანი იმ ტერიტორიაზე და ვერც ერთი სამხედრო დანაყოფის ტერიტორიაზე ვერ გაიმართება არჩევნები.
რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც იქ იქნებიან. მათ მიეცემათ საშუალება, წავიდნენ შინ, რეგისტრაციის ადგილას და იქ მისცენ ხმა. რაც შეეხება მაჟორიტარულ სისტემას. ვერცერთი ჯარისკაცი ვერ მისცემს ხმას მაჟოროტარობის კანდიდატს საგარეჯოში, თუ ის არის მესტიიდან და დგას საგარეჯოში წელიწადზე ნაკლები ხანი. ხოლო, თუ ის წარმოშობით არის მესტიიდან, მაგრამ საგარეჯოში მსახურობს წელიწადი და მეტი, მას მიეცემა უფლება, თავისი აზრი გამოთქვას საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატთან დაკავშირებით.
ანუ წესი, რაც შემოდის, არის ის, რომ არავითარი არჩევნები სამხედრო დაწესებულების ტერიტორიაზე; და არჩევნები მხოლოდ იქ, სადაც სამხედროები არიან რეგისტრირებულნი.
რაც შეეხება ავღანეთში მყოფ ჩვენს ჯარისკაცებს, ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ მათ ჩვენ ვერ ჩამოვართმევთ ხმის უფლებას. ამიტომ ის სამხედრო დანაყოფები საზღვარგარეთ იქნება გამონაკლისი, იქ ჩატარდება არჩევნები. ასევე, ჩვენ ძალიან დიდ ნაბიჯს ვდგამთ, როდესაც კოდექსიდან ამოგვაქვს ის ჯადოსნური სიტყვა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ვერაფრით ვერ ამოვიღეთ, და შემდგომაც, პარლამენტში, რატომღაც, ამის ინიცირება არ მოხდა. ამას ვაკეთებთ ჩვენ. ამოგვაქვს კოდექსიდან ჯადოსნური სიტყვები – „და სხვა“. კოდექსში აქამდე ეწერა, რომ სპეცუბნები შეიძლება შეიქმნას, იყო სია, და ბოლოში ეწერა – „და სხვა“. და ეს „და სხვა“ რა იყო, არავინ იცოდა. არცერთ მთავრობას ჩვენამდე არ სურდა ამ „და სხვა“-ს გაუქმება. ჩვენ ამას ვაუქმებთ. ვერცერთი ყოფილი ე.წ. სადის – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელი ვერ მიეწერება ციხის საარჩევნო უბანს და ვერ მიიღებს მონაწილეობას იქ არჩევნებში. ეს არის, მე ვიტყოდი, მასშტაბური და ძალიან კარგი ცვლილებები და მე ყველას მოვუწოდებ, რომ ამ ცვლილებებს მიესალმონ, ხოლო პარლამენტში, თუკი რამე არის კიდევ უფრო მეტად გასაუმჯობესებელი, ერთად გავაუმჯობესოთ“.

banner
წინა სტატიაშიინდოეთში განდის სტატუეტზე მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ ინფორმაცია ეწერა
შემდეგი სტატია“თანამოქალაქეებს აწუხებთ, რომ ქალაქში ძალიან მცირე სარეკრეაციო ზონა დარჩა”