თეა წულუკიანი – სასამართლო ვერ იქნება ერთი კაცის მიერ მართული სამინისტროსავით

თუკი მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღას მხარს არ უჭერთ, ჩვენ ამ რეფორმას მაინც გავაგრძელებთ, იმიტომ, რომ ასე სჯობს მომავლისთვის, – ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე “სასამართლო დამოუკიდებლობის მიმდინარე გამოწვევები” შეკრებილ მოსამართლეებს.

“რეფორმის მესამე ტალღა ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მივიდეს და გახდეს კანონი. უკან ნაბიჯი და ამ რეფორმის გატანა პარლამენტიდან არ მოხდება, ამიტომაც მაინტერესებს რას ფიქრობთ რეფორმით გათვალისწინებულ საქმეთა ელექტრონული განაწილების პრინციპებთან დაკავშირებით. იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გავაუმჯობესოთ მოსამართლეთა შერჩევის წესები, გავაძლიეროთ ინდივიდუალური მოსამართლეები ისე, რომ სასამართლოები არ იყოს მართული სამინისტროებივით, რადგან სასამართლო ვერ იქნება ერთი კაცის მიერ მართული სამინისტროსავით”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, წარსულ საქმეებთან დაკავშირებით მას აქვს ჩამოყალიბებული აზრი, რომელსაც არ შეიცვლის, თუმცა იუსტიციის სამინისტროს, როგორც სასამართლო ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, რომ ერთად იარონ მომავლისკენ.

“მომავალში მე არ მინდა განმეორდეს მსგავსი საქმეები. არ მინდა მინისტრის ცვლილებით ისევ მოხვდეთ ისეთ სიტუაციაში, როცა არ იქნებით დამოუკიდებელი. ჩვენ გვჭირდება არა კარგი მინისტრი, რომელიც არ გააკონტროლებს სასამართლოს, არამედ ინსტიტუციურად გამყარებული მოსამართლე”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი და ტრამადოლი ამოიღო
შემდეგი სტატია„გვითხარით სად ვცდებით, რომ გამოვასწოროთ“