თეა წულუკიანი საბავშვო ბაღებში წინასაარჩევნო დარღვევების შესაძლებლობას ადასტურებს

უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე და იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, საბავშვო ბაღებში წინასაარჩევნო დარღვევების შესაძლებლობას ადასტურებს. თეა წულუკიანის განცხადებით, უწყება ამ საკითხს შეისწავლის.

„ჩვენ უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში მრავალჯერ განვიხილეთ მასწავლებლების თუ ბაგა-ბაღის თანამშრომლების პოლიტიკური აქტივობის საკითხი, ზოგ შემთხვევაში გამოვლინდა, რომ ისინი ამ აქტივობას ახორციელებდნენ კვირის და დღის იმ მონაკვეთში, როცა მათ კანონით აქვთ ამის უფლება. თუმცა, გამოვლინდა შემთხვევებიც, როდესაც იყო კანონდარღვევები და მე კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო შესაბამის უწყებებს, პირველ რიგში, განათლების სამინისტროს გენინსპექციას და აუდიტის სამსახურს, რომლებმაც მყისიერი რეაგირება მოახდინეს.

მთლიანობაში, ჩვენ გვაქვს მშვიდი საარჩევნო კამპანია, ამას მოწმობს საერთაშორისო ორგანიზაციების წინასწარი შეფასებებიც. ჩვენი შიდა ეროვნული დამკვირვებლების შეფასებებიც და მე, როგორც კომისიის თავმჯდომარე, ვისურვებდი, რომ 21 ოქტომბრამდე კიდევ უფრო მაღალი დისციპლინით დაიცვან საჯარო მოხელეებმა ნეიტრალიტეტი, რადგან პოლიტიკური პარტიები უნდა იყოს მკაცრად გამიჯნული მუნიციპალური ხელისუფლებისგან, ცენტრალური ხელისუფლებისგან და ზოგადად, სახელმწიფოსგან“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშითბილისში სუამი-ს დაფუძნების 20 წლისთავი აღინიშნება
შემდეგი სტატიალონდონში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სათაო ოფისში ქართული დოკუმენტური ფილმის “ღვინის ნულოვანი მერიდიანი”მსოფლიო პრემიერა გაიმართა .