თეა წულუკიანი: რეფორმების მესამე ტალღას ბოლომდე მივყვებით

რეფორმების მესამე ტალღას ბოლომდე მივყვებით, – ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
“რაც ჩვენ ბოლო დღეებში ვიხილეთ სასამართლოში, მოწმობს კიდევ ერთხელ იმას, რომ იქ არსებობს გარკვეული დაჯგუფებები, რომ ეს მთლიანობაში არის სისტემა, რომელიც − როგორც ამას 3 წელია, ვამბობ − რეფორმებისადმი რეზისტენტულია. ამის მიუხედავად, საკანონმდებლო რეფორმების ნაწილი მაინც გავატარეთ ჯერ კიდევ კუბლაშვილის დროიდან და ჩვენ არ გავჩერდებით. მესამე ტალღა რეფორმის, რომელიც ფუძემდებლურ პრინციპს, საქმეთა ავტომატური განაწილების წესს − იუსტიციის სამინისტროს და მინისტრის ინიციატივით − ითვალისწინებს უკვე დევს პარლამენტში. თებერვალში მას ბოლომდე მივყვებით და მივიღებთ. დასანანია, რომ თვითონ სასამართლო სისტემა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ელექტრონული თვალსაზრისით სისტემა ამ რეფორმას მზად არ დახვდეს, მაგრამ ჩვენ, მთავრობა, ყველაფერს ვიღონებთ, რათა ელექტრონული კუთხითაც ეს სისტემა დაინერგოს და გაიმართოს. მე, რა თქმა უნდა, დიდი სურვილი მაქვს, რომ ქალბატონი ნინო უფრო მეტად გაძლიერდეს, უფრო მეტად ძლიერი ხელით მართოს ეს სისტემა, რომ ჩვენ არ ვიხილოთ ხოლმე ისეთი მოვლენები, რაც ვიხილეთ ჯერ იუსტიციის საბჭოში და შემდეგ საქალაქო სასამართლოში. ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს მისი კუთვნილი ადგილი სისტემაში და ეს უნდა უზრუნველყოს ხელმძღვანელმა, რომელსაც მე დიდ წარმატებას ვუსურვებ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა მინისტრი პოლიციელის მკვლელობის ადგილზე გაემგზავრა
შემდეგი სტატია“თუ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ჩვეულ სამუშაო რეჟიმში ვერ ჩადგებიან, ახალი თანამშრომლებით ჩანაცვლდებიან “