თეა წულუკიანი: „ქართულ ოცნებას“ აქვს საშუალება, ნებისმიერი მინისტრის შემცვლელად კონკურენტული კადრი დაასახელოს

რამდენიმე მინისტრსა და პრემიერ-მინისტრის გუშინდელ სამუშაო შეხვედრაზე არც ერთი სიტყვა არ თქმულა სამთავრობო ცვლილებებზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განუცხადა.

რაც შეეხება დღევანდელ მთავრობის სხდომაზე თინა ხიდაშელისა და პაატა ზაქარეიშვილის დაუსწრებლობას, თეა წულუკიანის თქმით, ამის მიზეზი არ იცის.

“ქართული ოცნება“, რაც უნდა გასაკვირი იყოს ზოგიერთი ოპონენტისთვის, არის რესურსის მქონე პარტია. ეს არის პარტია, რომელმაც ოთხი წლის განმავლობაში ოკუპირებული ქვეყანა სტაბილურობის და მშვიდობის პირობებში ამყოფა. ეს არის პარტია, რომელმაც საქართველო , რეგიონული და მსოფლიო კონტექსტის მიუხედავად, ამყოფა განვითარების გზაზე, ეს ქვეყანა, ძალიან მძიმე მემკვიდრეობის მიუხედავად, შეაყენა განვითარების სწორ, პროგრესის გზაზე. პირდაპირ ვიტყვი, რომ „ქართული ოცნება“ არის პარტია, რომლის მთავრობამაც ოთხი წლის მანძილზე გააკეთა უფრო მეტი, ვიდრე ერთად აღებულმა არაერთმა მთავრობამ წარსულში. ეს გახლავთ რესურსიანი „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური მმართველი პარტია. ამიტომაც „ქართულ ოცნებას“, როგორც რესურსიან პარტიას, ექნება საშუალება, „რესპუბლიკელებზე“, თუ უპარტიო მინისტრებზე არანაკლებ კონკურენტული კადრი დაასახელოს”,-აღნიშნა წულუკიანმა კითხვის საპასუხოდ, რომელიც „რესპუბლიკელი“ მინისტრების შესაცვლელად „ქართული პარტიის“ რესურსებს შეეხებოდა.

banner
წინა სტატიაშიდარახველიძე თავისი მოხსნის სავარაუდო მიზეზებზე ალაპარაკდა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება