თეა წულუკიანი: პრეზიდენტს აქვს სიმბოლური ფუნქცია მთავარია სიმბოლომ კარგად გაიაზროს, რას ნიშნავს სიმბოლური როლი

კონსტიტუციით, საქართველოს მთავრობა არის პასუხისმგებელი საგარეო პოლიტიკაზე ჩვენს ქვეყანაში, ხოლო პრეზიდენტს აქვს სიმბოლური ფუნქცია, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანმა შეაფასა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ბრიუსელში გაკეთებული განცხადება.

„სიმბოლური ფუნქცია არ ნიშნავს ფუნქციის უქონლობას. სწორედ სიმბოლოები არის ხოლმე ჩვენი ერის ცხოვრებაში ხშირად გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი, მთავარია, რომ მოცემულმა სიმბოლომ კარგად გაიაზროს, რას ნიშნავს იყო სიმბოლო, რას ნიშნავს გქონდეს სიმბოლური როლი და რას ნიშნავს იყო ხელისუფლების სამი სხვა შტოს შუაგულში იმისთვის, რომ მოიპოვო ქართველი ერის ნდობა. ქართველი ერის ნდობის მოპოვება არ არის ადვილი. ამას სჭირდება შრომა და, რა თქმა უნდა, პრეზიდენტმაც ბევრი უნდა იშრომოს იმისთვის, როგორც ჩვენ, რომ გვქონდეს და რაც მთავარია შევინარჩუნოთ ეს ნდობა. რას აკეთებს საქართველოს მთავრობა იმისთვის, რომ ეს ნდობა შეინარჩუნოს – ეს ქვეყანა მიჰყავს ევროპულ გზაზე და ინარჩუნებს ძალიან დიდი სირთულის ფასად მშვიდობას და სტაბილურობას ამ ქვეყანაში, რაც მერწმუნეთ ადვილი არ არის. როგორც პრემიერ-მინისტრის მიერ ითქვა, შეიძლება, დადგეს ჩვენს ქვეყანაში იმის დროც, რომ ყველაფერი ითქვას ხმამაღლა, მაგრამ ამის დრო ჯერ არ დამდგარა. ყველაფრის თქმაში ვგულისხმობთ იმას, რომ სიმშვიდის, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება საქართველოს მთავრობისთვის რამდენიმე თვეა აღარ არის ძალიან ადვილი. ადვილი არც არასდროს იყო, მაგრამ ახლა არის ძალიან გართულებული. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით ევროკავშირის პასუხისმგებელი უფლებამოსილი ორგანოების საბოლოო გადაწყვეტილებას, რომლებიც იქნება შესაბამისი. დიდი იმედი მაქვს, ქართველი ერის ისტორიული არჩევანის და შემდეგ ამ გადაწყვეტილებისდა მიხედვით როგორი იქნება ის, ჩვენ, რა თქმა უნდა, გვექნება ჩვენი პოზიცია. რასაკვირველია, ჩვენ არ ვართ ილუზიებში, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ნებისმიერ პოტენციური სტატუსი გულისხმობს განუხრელ რეფორმებს. ჩვენ ბოლო წლებია, რამდენიმე ფუნდამენტური რეფორმა გაგვიტარებია და მე ეს ძალიან კარგად ვიცი, ჩემი იუსტიციის მინისტრობიდან, თუ არ ჩავთვლით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს, ჩვენ იმხელა მასშტაბური და ფუნდამენტური რეფორმები გავატარეთ ყველა მიმართულებით, რომ პრაქტიკულად არცერთი საბჭოთა კანონი ამ ერთი კოდექსის გარდა, ჩვენს ქვეყანას არ აქვს. ჩვენ ქულებისა და პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით ვხედავთ, რომ იმ სამ ქვეყანას შორის, რომლებზეც ახლა არის ბრიუსელში საუბარი, ჩვენი ქვეყანა ანუ ხალხი, თქვენ ხართ სხვა ხალხებზე წინ და ეს თუ არ გიხარიათ ზოგიერთ ჟურნალისტს, ეს თქვენი პრობლემაა“, – განუცხადა წულუკიანმა ჟურნალისტებს.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: შეიძლება, დადგეს ჩვენს ქვეყანაში იმის დროც, რომ ყველაფერი ითქვას ხმამაღლა, მაგრამ ამის დრო ჯერ არ დამდგარა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ძალიან სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი იმეორებს დესტრუქციული, მავნებელი ოპოზიციის, ქვეყნის მტრების განცხადებებს და მათ ნარატივში ჩაჯდა