თეა წულუკიანი: ნოტარიუსს არ ევალება და არც აქვს უფლება, ეძიოს მინდობილი პირის, ამ შემთხვევაში ბატონი უდუმაშვილის თანხმობა

“რუსთავი 2”-ის სხვადასხვა დროის მფლობელებს შორის სასამართლო დავა ბატონ გვარამიას იმგვარ ისტერიკაში აგდებს, რომ უკვე ქართულ კანონსაც აღარ იცნობს , – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს განაცხადა და აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრში არ შეუსლა არანაირი დოკუმენტი, რომლითაც დროებით მმართველად დვალმა და საყევარიშვილმა ზაალ უდუმაშვილი მინდობილ პირად სცნეს.

“ძალიან დასანანია, რომ დავა, რაც მიმდინარეობს სასამართლოში ამ კომპანიის სხვადასხვა დროის მფლობელებს შორის, ბატონ გვარამიას იმგვარ ისტერიკაში აგდებს, რომ ის უკვე ქართულ კანონსაც აღრა იცნობს. ამიტომ, მე თავს უფლებას მივცემ, განვუმარტო მას ქართული კანონი – საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობის თანახმად, ნოტარიუსთან მინდობილობის გაფორმება არის ცალმხრივი ნების გამოხატულება, რომ ესა და ეს პირი, ენდობა ამა და ამ პირს და სთხოვს ნოტარიუსს, რომ დაამოწმოს ამ ნების ნამდვილობა. როგორც ჩანს, ორი ადამიანი – ტელეკომპანიის დროებითი მმართველები გამოცხადდნენ ნოტარიუსთან და უთხრეს, რომ მათ აქვთ ასეთი ნება – ნება იმის შესახებ, რომ ისინი ენდობიან ბატონ უდუმაშვილს. მათ სთხოვეს ნოტარიუსს, რომ კანონით დადგენილი წესით, ამ ნების ნამდვილობა დაედასტურებინა. ნოტარიუსს არ ევალება და არც აქვს უფლება, ეძიოს მინდობილი პირის, ამ შემთხვევაში ბატონი უდუმაშვილის თანხმობა. ეს ასეა კანონით და ვერ შეიცვლება. ამიტომ ნოტარიუსს დღეს კანონი არ დაურღვევია. რაც შეეხება საჯარო რეესტრს, გაგიკვირდებათ, მაგრამ არაფერი საჯარო რეესტრში დღეს ამ საკითხზე არ შემოსულა”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თქმით, ამიტომ “დამნაშავეზე საუბარი, სახელმწიფო ინსტიტუტების ლანძღვა, კანონის დავიწყება, რომელიც ბატონმა ნიკა გვარამიამ უნივერსიტეტშიც ისწავლა და მერე პრაქტიკაში იყენებდა, ნიშნავს იმას, რომ ის არის უბრალოდ პანიკაში და ისტერიკაში”.
“არადა ამის საფუძველი არ არსებობს. ჩვენ მზად ვართ, ნოტარიუსთა პალატაშიც, საჯარო რეესტრშიც, რომ ბატონ გვარამიას იურიდიული კონსულტაცია გავუწიოთ ქართული კანონების შესახებ. სიმშვიდე, სიმშვიდე და კიდევ ერთხელ სიმშვიდე – არ არსებობს ისტერიკის საფუძველი. ეს დააშვებინებს მას კიდევ მეტ შეცდომას, რაც არაფრისთვის არ არის საჭირო. რეესტრში არ შემოსულა არანაირი ინფორმაცია “რუსთავი2″-თან დაკავშირებით, რატომ გაავრცელა მან ესეთი ინფორმაცია, თავად მას უნდა ჰკითხოთ. ამგვარი მინდობილობები საერთოდ არ შემოდის საჯარო რეესტრში, აქედან გამომდინარე, რაც არ შემოსულა, იმაზე რატომ საუბრობენ, ვერ გეტყვით”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
შემდეგი სტატიასერგო რატიანი: ბიძინა ივანიშვილი გაროზგვის რიტუალს ატარებს