თეა წულუკიანი – მირზა სუბელიანსა და ყველა პატიმარს ვუსურვებ გამძლეობას

ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, მირზა სუბელიანს კისრისა და ხელების არეში, ასევე სხეულის სხვადასხვა ადგილას სისხლნაჟღენთები აღენიშნება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრალდებულ მირზა სუბელიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დაცვის მხარეს პატიმრის მონახულების საშუალება ჰქონდა. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ერთადერთი რაც აღელვებს ის არის, რომ მირზა სუბელიანი ფსიქოლოგიურად და ემოციურად მშვიდად იყოს.

„ბატონმა სუბელიანმა, რადენიმე დღის წინ, სამწუხაროდ, ნამდვილად სცადა თვითმკვლელობა, თუმცა სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების თანამშრომლებმა ის დროულად გადაარჩინეს. არამხოლოდ ამ უბედურების თავიდან აცილებისთვის, არამედ იმ ტიტანური შრომისთვის, რასაც ამ დაწესებულების ხელმძღვანელი და თანამშრომლები ეწევიან, მინდა მადლობა გადავუხადო.

სამხარაულის ბიურომ ექსპერტიზა დროულად ჩაატარა და დაადგინა, რომ კისრისა და ხელების არეში, ასევე სხეულის სხვადასხვა ადგილზე პატიმარს ჰქონდა სისხლნაჟღენთები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ მირზა სუბელიანს ციხეში სცემეს, რასაც ადასტურებს ყველა, ვინც ბრალდებული საპატიმრო დაწესებულებაში მოინახულა.

„დაცვას უკვე ჰქონდა შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს ენახა თავის პატიმარი. ღელვის საფუძველი არ არის. ერთადერთი ის მაღელვებს, რომ მოცემული პატიმარი ფსიქოლოგიურად და ემოციურად მშვიდად იყოს. მირზა სუბელიანსა და ყველა პატიმარს, ვინც არ უნდა იყოს ის, ვუსურვებ გამძლეობას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მირზა სუბელიანი სასჯელაღსრულების დასწესებულებაში დღეს ადვოკატებმა მოინახულეს.

 

banner
წინა სტატიაშიდღეს მირზა სუბელიანის დაკითხვა იგეგმება – პროკურატურა
შემდეგი სტატიაცესკომ 28 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში წარადგინა