თეა წულუკიანი: მე თამარ ჩუგოშვილს კომპეტენტურად არ მივიჩნევ

პოლიტიკურად, მე თამარ ჩუგოშვილს კომპეტენტურად არ მივიჩნევ, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.

„გააჩნია, რაშია კომპეტენტური. თუ პოლიტიკაზეა საუბარი, პოლიტიკურად მე მას კომპეტენტურად არ მივიჩნევ. იმიტომ, რომ პირველივე სირთულის მერე თქვა, მივდივარო. სად მიდიხარ, რამ გაგანაწყენა? მან ინგლისური იცის კარგად. დიახ, ნამდვილად კომპეტენტურია. რაც შეეხება იმას, ჩემი თანაგუნდელი არის თუ არა, ეს მას უნდა ჰკითხოთ, სად არის დღეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამ განცხადებით თეა წულუკიანმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, არის თუ არა თამარ ჩუგოშვილი მისი თანაგუნდელი და მიიჩნევს თუ არა მას კომპეტენტურად პოლიტიკაში.

ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს თამარ ჩუგოშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „2020 წლის არჩევნების შემდეგ ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება, რადგან როგორც კი არჩევნები ჩატარდება და ძალაში არ შევა პროპორციული სისტემა, ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც თამაშს მიღმა დარჩება, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ვადამდელი არჩევნები გამოიწვიოს“, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ თამარ ჩუგოშვილის გამონათქვამებზე კომენტარის გაკეთება არ სურს და თუ გადაცემის ფორმატი ამის საშუალებას იძლევა, გადაცემის წამყვანს შეუძლია, დებატი მოაწყოს.

„თქვენ რომ არ მიკითხოთ ჩუგოშვილის გამონათქვამები, არ ვიცი, ამის საშუალებას თქვენი გადაცემა იძლევა თუ არა, მაგრამ რომ დაუძახოთ, თქვენ იყოთ მედიატორი და დებატი მოაწყოთ, არ გინდათ? იდეას გთავაზობთ. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, არ მგონია, რომ რამე ტიპის რიგგარეშე არჩევნები გველოდება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს თამარ ჩუგოშვილის განცხადებას, სადაც ის ხსნიდა, რატომ უნდოდა მას პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ეს ბიძინა ივანიშვილს უნდოდა და არა თამარ ჩუგოშვილს.

„მას კი არ უნდოდა, ბიძინა ივანიშვილს უნდოდა. ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა. ის მერე აჰყვა ამ პროცესს და მოეწონა ეს პროცესი. სულ ეს არის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიცოტნე გამსახურდია: გეყოფათ ეს ფარისევლობა, რა!
შემდეგი სტატიაკანონდარღვევას შესაბამისი რეაგირება ყოველთვის მოჰყვება -ანრი ოხანაშვილი