თეა წულუკიანი : ხმა მივეცი კანდიდატს, რომელიც იქნება მთავრობისა და „ქართული ოცნების“ საუკეთესო პარტნიორი, რომ ქვეყანა ვატაროთ პროგრესის გზაზე

ხმა მივეცი კანდიდატს, რომელიც გახსნის ევროპულ პერსპექტივას, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმა უკვე მისცა.

მისი თქმით, მან არჩევანი იმ კანდიდატის სასარგებლოდ გააკეთა, რომელიც პროგრესის გზაზე მთავრობისა და „ქართული ოცნების“ საუკეთესო პარტნიორი იქნება.

„ხმა მივეცი კანდიდატს, რომელიც გახსნის ევროპულ პერსპექტივას, რომელიც იქნება მთავრობისა და „ქართული ოცნების“ საუკეთესო პარტნიორი, რომ ქვეყანა ვატაროთ პროგრესის გზაზე, რადგანაც მეორე კანდიდატის მხარეს არის წარსული და არ ვფიქრობ, რომ წარსულში უნდა დაბრუნდეს ჩვენი ქვეყანა. ამ წარსულიდან ჩვენ ექვსი წლის წინ გამოვედით საერთო ძალისხმევით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, არჩევნების გაყალბებაზე, იუსტიციის მინისტრის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მრავალი არჩევნების შედეგად დაამტკიცა, რომ ქვეყანაში არის დემოკრატია და ამომრჩეველი არის თავისუფალი.

„მთავრობა და სახელმწიფო არ დაუშვებს რამე ტიპის დესტაბილიზაციას. არავითარი გაყალბება არ დაგეგმილა და, რა თქმა უნდა ვერ იქნება, რადგან მრავალი არჩევნების შედეგად დავამტკიცეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში არის დემოკრატია და ამომრჩეველი არის თავისუფალი, მისცეს ხმა, ვისაც სურს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის შეფასებით, აღნიშნული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურშიც დადასტურდა და მეორეშიც ასე იქნება.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, საქართველოს მოსახლეობა რიგით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევს. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 73 საარჩევნო ოლქში გახსნილია 3 637 და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 საარჩევნო უბანი.

banner
წინა სტატიაშიფაიფურის 21- ე უბანზე დანით შეიარაღებული პირები კომისიის წევრებზე მუქარას ახორციელებენ [Video]
შემდეგი სტატია“ხმა მივეცი ბოროტებისა და ძალადობის წინააღმდეგ” – კახი კალაძე