თეა წულუკიანი: იუსტიციის სახლებში რიგებში ერთმანეთისგან მინიმუმ 1-მეტრიანი დისტანცია დაიცავით

მინდა მივმართო საზოგადოებას და კიდევ ერთხელ ვთხოვო, რომ თუ არ არის გადაუდებელი აუცილებლობა, ნუ მობრძანდებით სერვისის მისაღებად იუსტიციის სახლებში, რეესტრების ტერიტორიულ სამსახურებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, მოქალაქეები მაინც აგრძელებენ იქ სიარულს, თან ბავშვებთან ერთად.

„მინდა კიდევ ერთხელ გთხოვოთ, შეწყვიტეთ იუსტიციის სახლებსა და ჩვენს სხვა ინფრასტრუქტურაში ბავშვებთან და სხვა თანმხლებ პირებთან ერთად სიარული. ასევე თავადაც ნუ მობრძანდებით, თუ არ არის სერვისის მიღების გადაუდებელი საჭიროება“, – განაცხადა წულუკიანმა.

ამასთან, მინისტრმა მოქალაქეებს მოუწოდა, რომ იუსტიციის სახლებში რიგებში ერთმანეთისგან მინიმუმ 1-მეტრიანი დისტანცია დაიცვან.

„ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პირადობის მოწმობის გატანა ძალიან შორს დგას სიცოცხლისგან და სიცოცხლე არის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ღირებულება, თქვენი შვილების, თქვენი ოჯახის ჯანმრთელობა, ვიდრე ნებისმიერი პირადობის მოწმობის გატანის სერვისი. ჩვენ ამ მხრივ ვაწყდებით გამოწვევებს და ჩემი ვალია, რომ კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, დავიცვათ ის მკაცრი წესები, რომლებიც არის შემოთავაზებული. მე იმედი მაქვს, რომ ამ წესების დაუცველობა არ განაპირობებს იმას, რომ ჩვენ მომდევნო დღეებში დავიწყოთ მსჯელობა იმაზე, რომ არის თუ არა ეს ინფრასტრუქტურები საერთოდ დასახური“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია სასწავლო, სამედიცინო და სხვა მუნიციპალური პროგრამების სახელფასო დაფინანსებას გააგრძელებს
შემდეგი სტატიამეუფე გრიგოლი საკუთარი ეპარქიის წარმომადგენლებს ხვდება