თეა წულუკიანი : ირაკლი შოთაძის გადადგომა შეცდომა იყო, თუ დაბრუნდება, მივესალმები

თანმიმდევრული რეფორმების წყალობით, ჩვენ გვაქვს დამოუკიდებელი პროკურატურა, რომელიც თურმე ოპოზიციას არ მოსწონს, ეს კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ მათი ხელისუფლებაში დაბრუნება არ შეიძლება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მტავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

თეა წულუკიანის თქმით, პროკურატურა, სასამართლო და იუსტიციის მინისტრი ფარსი სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში იყო

„პროკურატურა, სასამართლო და იუსტიციის მინისტრი ფარსი სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში იყო. მაშინ, როდესაც იუსტიციის მინისტრი იყო იმავდროულად გენპროკურორი, შემდეგ ქუდს შემოიტრიალებდა და იყო მოსამართლეების უფროსიც. ეს იყო მთელი ფარსი, როდესაც მართლმსაჯულება არ ხორციელდებოდა ამ ქვეყანაში. დღეს თანმიმდევრული რეფორმების წყალობით, ჩვენ გვაქვს დამოუკიდებელი პროკურატურა, რომელიც თურმე დღეს ოპოზიციას არ მოსწონს. ეს კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ უბრალოდ მათი ხელისუფლებაში დაბრუნება არ შეიძლება. როდესაც ადამიანი აცხადებ, რომ არ მოგწონს დამოუკიდებელი პროკურატურა, ეს ნიშნავს, თუ ხელისუფლებაში აღმოჩნდები, დაბრუნდები უკან, რომელი წარსულიდანაც ძლივს, ნელ-ნელა გამოვდივართ. შესაბამისად, არავითარი ფარსი ამჟამად არ მიმდინარეობს. მიმდინარეობს საპროკურორო საბჭოსთვის საკმაოდ დამღლელი და კომპლექსური პროცესი, რის შემდეგაც კენჭი ეყრება თითოეულ კანდიდატს და ვნახოთ, რა შემადგენლობა წარედგინება პარლამენტს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, პრობლემას ვერ ხედავს, თუ ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე შეირჩევა.

„მე ირაკლი შოთაძის წასვლაში კითხვის ნიშანი მქონდა და დღესაც ვფიქრობ, რომ ირაკლი შოთაძე არ უნდა გადამდგარიყო. როდესაც სისხლის სამართლის კონკრეტულ საქმეზე ჩნდება კითხვები, ან საზოგადოებას აქვს განცდა, რომ პროკურატურას რომელიღაც ბრალდებული არ უნდა გამართლებოდა სასამართლოში, ან რომელიმე ბავშვისთვის მისჯილი სასჯელი არ არის საკმაოდ პირსისხლიანი, ამიტომ, არ უნდა გადადგეს მთავარი პროკურორი. მისი გადადგომა იყო შეცდომა, ეს ხმამაღლა ვთქვი, თუმცა მე ვესწრებოდი ამ პროცესს, როდესაც ვთხოვე, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიეღო. გადაწყვეტილება იყო, რა თქმა უნდა, რთული, მაგრამ ღირსეული ნაბიჯი. მე ამას დღეს უფრო მკაცრად ვაფასებ და მისი წასვლა იყო შეცდომა. შესაბამისად, ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ ადამიანი, რომლის წასვლაც იყო შეცდომა, თუ კი მას მხარდაჭერა ექნება, დაბრუნდეს. მე ამას მხოლოდ მივესალმები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიფოთის მერიაში მოქალაქემ ცივი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა
შემდეგი სტატიაივანე მაჭავარიანი : სანქციებზე რამდენიმე კონგრესმენის ინიციატივას არანაირი საფუძველი არ აქვს