თეა წულუკიანი – ინფრასტრუქტურების მშენებლობის შედეგად შევძლებთ, რომ გეგუთის, რუსთავისა და ქსნის ძველი დროის გადმონაშთებს, ე.წ. ზონებს დავემშვიდობოთ

2018 წლის 5 ივლისს იუსტიცია და სასჯელაღსრულება გავაერთიანეთ ცხრაწლიანი წყვეტის შემდეგ, ამ გაერთიანებიდან რვა თვე გავიდა და უკვე გადაიდგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რათა სასჯელაღსრულების ყოფილი სისტემის სრულფასოვანი ინტეგრაცია იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მოხდეს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში უკვე დაწყებულია ორი მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა. მიმდინარეობს მუშაობა პროექტზე, როგორ დასრულდეს ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პერიოდში დაწყებული ლაითურის დაწესებულების მშენებლობა.

„თუ ტენდერში პროფესიონალი კომპანია შეგვხვდება, ვფიქრობთ, რომ 2021 წელს შევძლებთ, შევხვდეთ უკვე ახალი დაწესებულებით ლაითურში, რის შედეგადაც შესაძლებელი იქნება, პირველ რიგში, დაიხუროს გეგუთის საბჭოური ტიპის გადმონაშთი, ე.წ „ზონა“. ასევე ვგეგმავთ ქსანში ტუბდისპანსერის ინფრასტრუქტურის პენიტენციურ დაწესებულებად გარდაქმნას, რადგან 700-კაციან ტუბდისპანსერში (რომელიც წინა ხელისუფლების დროს აშენდა, რადგან მაშინ „ც“ ჰეპატიტის ეპიდემია მძვინვარებდა) დღეს მხოლოდ 56 პირია მოთავსებული, რადგან ჩვენი ხელისუფლების პირობებში სასჯელაღსრულების სხვადასხვა მინისტრმა წარმატებული სამედიცინო რეფორმა განახორციელა. შესაბამისად, ქსანში მცირე ზომის სამი ახალი დაწესებულება გვექნება. ამ ინფრასტრუქტურების მშენებლობის შედეგად შევძლებთ, რომ გეგუთის, რუსთავისა და ქსნის ძველი დროის გადმონაშთებს, ე.წ. ზონებს დავემშვიდობოთ. მე მინდა თავისუფლებააღკვეთილი პირების საყურადღებოდ ვთქვა – საუბარი არ არის იმაზე, რომ იყოს საკნური ტიპის ინფრასტრუქტურა, სადაც ადამიანები მუდმივად ჩაკეტილ მდგომარეობაში იქნებიან. ჩვენ გვინდა რესოციალიზაცია, რეაბილიტაციაზე მორგებული ინფრასტრუქტურა და ამ „ზონებს“ ჩვენ დავკეტავთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, ასევე სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა და გაუქმდა ავადსახსენებელი სასჯელაღსრულების „სპეცრაზმი“. მის ნაცვლად დაფუძნდა ესკორტის სამმართველო, რომელსაც დღეს ახალი უნიფორმები გადაეცა.

„დღეს, გლდანის რაიონში და არა გლდანის ციხეში, როგორც ეს ერთმა ტელევიზიამ გაავრცელა, გადავეცით ფორმები ესკორტის ოფიცრებს და 70 პროცენტი უკვე აღიჭურვა უნიფორმებით, რაც ჩვენი ყოფილი ბადრაგების და ამჟამად ესკორტის ოფიცრების მრავალი წლის მოლოდინი იყო. იგეგმება გარე დაცვის სისტემის რეფორმა და ირაკლი სესიაშვილთან გვაქვს სერიოზული დისკუსია იმაზე, როგორ გავაუქმოთ წვევამდელთა ინსტიტუტი ეტაპობრივად და მთლიანად გადავიდეთ საკონტრაქტო სამსახურზე.

ასევე, პატიმრებს მივეცით მაცივრები, რაც ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საკვების ხარისხი საპატიმროში უმნიშვნელოვანესია. მაღაზიების ფასები მოვაწესრიგეთ, რათა აგვეკრძალა ფასზე ნამატი. დღეს ციხეში და ციხის გარეთ პროდუქტს აქვს ერთი ფასი. თუ გარეთ ძვირდება, ძვირდება შიგნითაც, მაგრამ თუ გარეთ არ ძვირდება, ციხის მაღაზიებში ფასის ნამატი აღარ არსებობს“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

მისი თქმით, ამ რვა თვის განმავლობაში პრობაციის 14 ტერიტორიული სამსახური გადავიდა თანამედროვე ინფრასტრუქტურაში და ეს პროცესი გაგრძელდება. მინისტრმა მოუწოდა ახალგაზრდებს, მონაწილეობა მიიღონ ღია კონკურსში, რომელიც პენიტენციურ სისტემაში ახლა მიმდინარეობს.

„მინდა, ახალგაზრდებს მივმართო და ვუთხრა – მათ, ვისაც გაქვთ სოციალური მუშაკის დიპლომი, მიიღეთ კონკურსში მონაწილეობა. პენიტენციურ სისტემაში მხოლოდ ის სოციალური მუშაკები გვჭირდება, ვისაც შესაბამისი განათლება აქვს. აქამდე ბიოლოგები, ინჟინრები და სხვები იყვნენ სოციალური მუშაკები და ეს ხანა უნდა დავასრულოთ. 111 ესკორტის ოფიცრის ვაკანსიაა გამოცხადებული და გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა ამ კონკურსში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, ბევრი კითხვა ისმის პატიმრების რაოდენობასთან დაკავშირებით.

მინისტრის თქმით, დღეის მდგომარეობით 13 პატიმარი შიმშილობს სხვადასხვა მოთხოვნით. მინისტრმა აღნიშნა, პირველი აგვისტოს მონაცემებით, მაშინ, როდესაც ორი უწყება გაერთიანდა, სისტემაში 9 986 პატიმარი იყო, საიდანაც 8 343 იხდიდა სასჯელს, 1 643 კი ბრალდებული იყო.

„გუშინდელი მდგომარეობით სისტემაში გვყავს 9 870 თავისუფლებააღკვეთილი პირი, აქედან მსჯავრდებული არის 7933, ხოლო ბრალდებულთა რიცხვი არის ბევრად გაზრდილი და ამჟამად არის 1 937, თუმცა მთლიანობაში პატიმრობაში მყოფ პირთა რიცხვის ზრდა არ ფიქსირდება. ამაზე ინფორმაციები იყო გავრცელებული და ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ზრდა გვაქვს ბრალდებულების ნაწილში და ღიად გეტყვით, რომ ეს პირდაპირ უკავშირდება იმას, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები არიან მაქსიმალურად მობილიზებულები და გააქტიურებულები დანაშაულთან ბრძოლაში“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიელექტრომობილებისა და მოპედების მფლობელების საპროტესტო აქცია ბათუმში
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი – ინფრასტრუქტურების მშენებლობის შედეგად შევძლებთ, რომ გეგუთის, რუსთავისა და ქსნის ძველი დროის გადმონაშთებს, ე.წ. ზონებს დავემშვიდობოთ