თეა წულუკიანი: გელათის გადარჩენის პროცესი გრძელდება

gulis eleqsiri

გელათის სამონასტრო კომპლექსზე, როგორც კედლის ფერწერაზე, ასევე სახურავზე ჩავატარეთ იუნესკო-ს ექსპერტიზა და როგორც მე ვვარაუდობდი, აურაცხელი და კომპლექსური პრობლემებია. ეს ორი დასკვნა, ხვალ, ე.წ. გელათის სამონასტრო კომპლექსის საბჭოზე უნდა გავიტანოთ, სადაც დარგის სპეციალისტები, ფერწერის რესტავრატორები, ასევე არქიტექტორ-რესტავრატორები, ხელოვნებათმცოდნეები შეიკრიბებიან, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა იუნესკო-ს დადგენილებაზე საუბრისას განაცხადა.

თეა წულუკიანის განცხადებით, გელათის გადარჩენის პროცესი გრძელდება.

„ეს იქნება პირველადი განხილვა იუნესკო-ს ორი დასკვნისა, რომელიც სწორედ ხვალ გასაჯაროვდება. ჩვენ როგორც დავპირდით საზოგადოებას, გავაგრძელებთ გელათის გადარჩენის პროცესს, რომელიც სამინისტროს გამოყოფის შემდეგ აქტიურად წარიმართა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ეს დასკვნები მოგვცემს საშუალებას, შედგეს ხარვეზების გამოსწორების პროექტები კომპეტენტური ადამიანების მიერ და არა ასე ვთქვათ, რბილად ვიტყვი, არაკომპეტენტური პირების, შემთხვევითი პირების მიერ. შემდეგ, ამ პროექტის განხორციელება დაიწყოს, როგორც სახურავზე, ასევე ფერწერულ დაზიანებებზე, რომელსაც კონსერვაცია სჭირდება. იმედი მაქვს, რომ ჩვენ უკვე მომავალ წელს გვექნება ის შედეგი, რომელიც ყველას გვინდა და ჩვენი ძალისხმევით, სწორედ გელათში იქნება გაჩერებული ზიანი, რომელიც ამ სამონასტრო კომპლექსს 2008 წლიდან 2020 წლის ჩათვლით პერიოდში მიადგა“, – განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრის თქმით, კულტურის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რომ მსგავსი ზიანი მომავალში არც ერთ სხვა ძეგლს აღარ მიადგეს.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ასევე, რომ ამგვარი ექსპერიმენტები არც ერთ ძეგლს და მით უმეტეს გელათის მასშტაბის და მნიშვნელობის ძეგლს აღარ მიადგეს მომავალში. ჩვენ შევქმენით ოსტატების რეესტრი და უკვე ძალიან მალე ვიქნებით მზად, ვთქვათ, რომ არც ერთ ძეგლს არ შეეხოს ის ადამიანი, ვინც უბრალოდ საქმე არ იცის. ძალიან დასანანია, რომ უპასუხისმგებლო პირების ხელში იყო ეს მთელი პროცესი მრავალი წლის განმავლობაში. ახლა, ჩვენ ეს უპასუხისმგებლო პროცესები მოვაქციეთ კომპეტენტური ადამიანების ხელში და მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ყველაფერი დასრულდება ისე, როგორც ეს გელათს და მის შემქმნელებს ეკადრება“, – განაცხადა წულუკიანმა.

წინა სტატიაშიღარიბაშვილი – ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება
შემდეგი სტატიაკულტურის სამინისტრო დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის შესახებ მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღების მიზნით კონკურსს აცხადებს