თეა წულუკიანი: დაველოდოთ საპარლამენტო არჩევნების მომდევნო ციკლს

ნომერ მე-18 დაწესებულება სამკურნალო დაწესებულებაა, იქ არის ყველა შესაძლებლობა, რომ ასეთი კატეგორიის პატიმრის მზრუნველობა განხორციელდეს მაღალი სტანდარტით და მოხდეს მასზე დაკვირვება, თუ მოცემული პატიმარი მართლაც შიმშილობს, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მე-18 დაწესებულება მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

„მე-18 დაწესებულება, ვფიქრობ, იმდენად რამდენადაც შეიძლება ეს არაპროფესიონალმა შეაფასოს, არის მისაღები, მით უფრო, რომ ამავე აზრის არის სამედიცინო სპექტრის უმრავლესობა. მთავარი მაინც არის ის, რომ გაირკვეს, რას ნიშნავს ამ შემთხვევაში შიმშილობა,რადგან იუსტიციის მინისტრობისას მრავალნაირი შიმშილობა მინახავს მშრალიც, სხვაგვარიც, რეალობიდან გამომდინარე უნდა მოხდეს გადაწყვეტილებების მიღება. იმ ტიპის პროტესტი, რომ დამარცხდი, გაბრაზებული ხარ, სასოწარკვეთილი იგონებ რაღაცებს, რომ როგორმე არიო ქვეყანა, არის ყავლგასული. ყველას გვაქვს მობეზრებული. არ მგონია, ქვეყანაში არსებობდეს ერთი ადამიანიც კი, რომელიც ისმენს ამას და ფიქრობს, მიხარია ეს და არ მომბეზრდაო, ყველას მოგვბეზრდით. დაველოდოთ 2024 წლის არჩევნებს, თუ გაიმარჯვებთ, აგერ ხართ თქვენც და აგერ არის ხელისუფლების სადავეები. მანამდე, ქვეყანას მართავს „ქართული ოცნება“ და ერთის გარდა, ყველგან „ქართული ოცნების“ მერია.

ჩვენ ვაგრძელებთ იმ პოლიტიკას, რომელიც დავიწყეთ და იმ პასუხისმგებლობის ტარებას, რომელიც ამომრჩეველმა რამდენიმე წლის წინ დაგვაკისრა. დღეს 2003 წელი არ არის, ძალიან ბევრი წელი გავიდა ვარდების ჰაერში ფრიალის შემდეგ. ახლა არის ის წელი, რომელიც არის და მოვიქცეთ 2021 წლის შესაბამისად, დაველოდოთ მომდევნო ციკლს საპარლამენტო არჩევნების“, – განაცხადა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: ის არ გრძნობს თავს კარგად და ელოდება კოლაფსს
შემდეგი სტატიამამა დანიელისა და მამა აბროსის დაკავების ფოტომასალა