თეა წულუკიანი: ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნო პროცესში იქნება კოალიციასთან ერთად

ყოფილმა პრემიერმა, კოალიციის დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა ბევრჯერ თქვა და გუშინაც გაიმეორა, რომ წინასაარჩევნო პროცესში იქნება იმ კოალიციასთან ერთად, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს შესაბამის საკითხზე კომენტირებისას, ბათუმში განუცხადა.
როგორც თეა წულუკიანმა განმარტა, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას და რაიმე თანამდებობის დაკავებას არ აპირებს.
რაც შეეხება “ქართული ოცნების” საარჩევნო სიას, იუსტიციის მინისტრის თქმით, სიას არ იცნობს, თუმცა მისი “ქართული ოცნებაა”, რომ ყოველ ხუთ კანდიდატში ორი ქალი იყოს.
“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ აპირებს დაბრუნებას რაიმე თანამდებობაზე, მაგრამ ის წინასაარჩევნო პროცესებში იქნება პოლიტიკური პარტიების გვერდით, რომლებიც არიან კოალიციის ნაწილი. ჩემთვის არ არის “ქართული ოცნების” კოალიციის საარჩევნო სია ცნობილი. როდესაც იქნება სია ცნობილი, მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ სიაში მინიმუმ ორი ქალი მაინც იქნება ყოველ ხუთ კანდიდატში. ეს არის ჩემი ძალიან დიდი “ქართული ოცნება”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
ბიძინა ივანიშვილი გუშინ “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას დაესწრო. როგორც სხდომის შემდეგ მმართველი გუნდის წევრებმა განაცხადეს, ყოფილი პრემიერი “ქართული ოცნების” პარტიულ და კოალიციურ ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთვება.

banner
წინა სტატიაშიბაჩო ახალაია: ჩვენ გვექცევიან სრულიად არაადამიანურად
შემდეგი სტატია66 წლის პრიმადონას ფოტოსესია-რუსული მედია შოკშია+ ფოტო