თეა წულუკიანი: არიან ძალები, რომლებიც აცხადებენ, რომ თითქოს სწორედ პოლიტიკური ბოიკოტის გამო მიიღება ეს კანონი – ეს არის მორიგი ყალბი ინფორმაცია

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 23, 2020 13:26

თეა წულუკიანი: არიან ძალები, რომლებიც აცხადებენ, რომ თითქოს  სწორედ პოლიტიკური ბოიკოტის გამო მიიღება ეს კანონი – ეს არის მორიგი ყალბი ინფორმაცია

„ მიზანმიმართული აღრევა ხდება იმისა, თითქოს ჩვენ პოლიტიკური ბოიკოტის გამო ვიღებთ ამ კანონს“,- ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს ორგანულ კანონის პროექტზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მსჯელობენ.

„რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, სავსებით ვეთანხმები ანრი ოხანაშვილს, რომ მიზანმიმართული აღრევა ხდება იმისა, თითქოს ჩვენ პოლიტიკური ბოიკოტის გამო ვიღებთ ამ კანონს. ასევე, არიან ძალები, რომლებიც აცხადებენ, თითქოს ირაკლი კობახიძეს ლექციები წაუკითხავს, შემდეგ ამ ლექციების შედეგად წიგნი შემდგარა. მე ბატონი ირაკლის ლექციები მომისმენია და მართლაც ძალიან საინტერესოა და წიგნები არა მხოლოდ შემდგარა, არამედ თავადაც დაუწერია და მრავლად. და ასაღებენ ისე, თითქოს სწორედ პოლიტიკური ბოიკოტის გამო მიიღება ეს კანონი, რაც არის მორიგი ყალბი ინფორმაცია და სიყალბე. პოლიტიკური ბოიკოტი არის პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი, ჟესტი და მიუხედავად იმისა, რომ ქართულ რეალობაში ხანდახან ძნელია, განასხვავო პოლიტიკური მებოიკოტეები დღეს მართლა მებოიკოტეები და პოლიტიკოსები არიან, თუ ქუჩის „საბოტაჟნიკები“. ეს ზღვარი ჩვენ უნდა გავავლოთ და ამაში ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა და არა მხოლოდ იურიდიულმა კომიტეტმა. საქმე ეხება სინამდვილეში იმასთან, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ხალხთან, ვინც საკუთარ ამომრჩეველს უღალატა. ჩვენ ეს მოგვწონს თუ არ მოგვწონს, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სხვადასხვა განყოფილების, იქნება ეს „ევროპული საქართველო“, „გირჩი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ – მოგვწონს თუ არ მოგვწონს, მათ ჰყავთ ამომრჩეველი და ისინი არიან მრავლად. მათ ამ ამომრჩეველს უღალატეს და ის მანდატების ფული, უხეშად რომ დავარქვათ, რაც მათ არ აითვისეს, სწორედ ეს ერთმევათ მათ. თუ ისინი მანდატებს აითვისებენ, მაგრამ შემდგომ გამოაცხადებენ ბოიკოტს და არ ივლიან, რა თქმა უნდა, მათ არ შეუწყდებათ დაფინანსება, თუმცა ეს ასეც არ იქნება, ჩემი აზრით, მისასალმებელი საქციელი. ამიტომ, ეს ზღვარი რომ გაივლოს მკაფიოდ, ამაზე თქვენთან ერთად ჩვენ ალბათ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 23, 2020 13:26