თეა წულუკიანი აცხადებს, რომ საკითხი, რომელზეც დისკუსია მიმდინარეობს, არ ეხება არც შეწყალების კომისიას, არც სასჯელაღსრულების იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანებას

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ საკითხი, რომელზეც დისკუსია მიმდინარეობს, არც შეწყალების კომისიას და არც სასჯელაღსრულების იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანებას არ შეეხებოდა.

ჟურნალისტების კითხვაზე, აპირებს თუ არა თანამდებობის დატოვებას და რა საკითხზე ჰქონდა უთანხმოება გუნდთან, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ შიდა სამზარეულოს გარეთ გამოტანას არ აპირებს.

„ვფიქრობ, შიდა სამზარეულოს გარეთ გამოტანა, არ არის საჭირო. ეს არ ეხება არც შეწყალების საკითხს და არც სასჯელაღსრულების იუსტიციასთან გაერთიანებას. ეს არის თემა, რომელზეც ვმსჯელობთ. გვქონდა დისკუსია და ვიმედოვნებ, ეს თემა მალე დაიხურება. ხვალიდან ვგეგმავ, საქართველოს პრეზიდენტს დელეგაციის წევრის სტატუსით გავუწიო დახმარება ერევანში ოფიციალური ვიზიტის დროს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს თემა უნდა დასრულდეს. ბევრი სასაუბრო აღარაფერი დარჩა. ერთი კვირა საკმარისია სამსჯელოდ, რომელი პოზიციაა სწორი. მესმის, რომ მედიის საქმეა კითხვები დასვას, მაგრამ საუბარი მქონდა აღმასრულებელი ხელისუფლების ფარგლებში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, დისკუსიები აძლევს საფუძველს, ჰქონდეს იმედი, რომ მისი პოზიცია გაზიარებული იქნება. „ვნახოთ, როგორ განვითარდება დღეს მოვლენები“, – განაცხადა წულუკიანმა.

კითხვაზე, დღეს არის თუ არა გადამწყვეტი დღე, თეა წულუკიანი ასე პასუხობს: „თუ დღეს ჩვენ მივაღწევთ შეთანხმებას, რა თქმა უნდა, შემდეგ გაგრძელდება ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი“.

banner
წინა სტატიაშიჩემი პოლიტიკური ადგილი არის და იქნება „ქართულ ოცნებასთან“, რა პოზიციაზეც არ უნდა ვიყო, ისევ ვიქნები „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი საფრანგეთში საქართველოს ელჩის თანამდებობას დაიკავებს